ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"კოვიდპანდემიის მეორე ტალღა და ორმაგი რეცესიის საფრთხე
ძალიან არასასურველი და სახიფათო ინფორმაცია ვრცელდება მომატებულ კოვიდ შემთხვევებთან დაკავშირებით, რადგან კოვიდპანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ჩვენზე გაცილებით განვითარებულ და ასევე, გაცილებით სოლიდარული საზოგადოებების მქონე ევროპის ქვეყნებში, თუნდაც გერმანიაში, სადაც პროცესები მძლავრი საპროტესტო ტალღით მიმდინარეობს.
დღეს, საქართველოს ეკონომიკა იმაზე სწრაფადაც კი ჯანსაღდება, ვიდრე წლის დასაწყისის პროგნოზი იყო, ხოლო მიმდინარე წლის საპროგნოზო 4.8 % შემცირების შემდეგ, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საშუალო წლიური ვარდნის 8 %-იანი პროგნოზია. ამასთან ეკონომიკა უკვე მომავალი წლიდან 4.5 % -იან ზრდაზე გავა, კრიზისამდე პერიოდს კი დაუბრუნდება 2022 წელს, რაც რეცესიის სწრაფი აღდგენის ე.წ V ფორმის ტოლფასია.
კოვიდ პანდემიის „მეორე ტალღის“ შემთხვევაში, ამ კრიზისულ ტალღას მოყვება საკარანტინო ზონების ახლიდან გამოცხადება და შესაბამისად, ეკონომიკის ნაწილის ახლიდან გაჩერება, ხოლო ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი გაცილებით არასასურველი განვითარების სცენარებისაკენ გადაიხრება.
ჩვენთვის ასეთი განვითარების სცენარი, როგორც W- ფორმის რეცესია, რომელიც "ორმაგი რეცესიის" სახელითაც არის ცნობილი, რადგან ეკონომიკა ორჯერ შედის რეცესიაში სრული აღდგენის მიღწევამდე, ასევე L- ფორმის რეცესია შეიძლება იყოს. აქვე განვმარტავ, რომ W- ფორმის რეცესიისას, ეკონომიკა სწარაფი, თუმცა მოჩვენებითი გამოჯანმრთელების შემდეგ, ისეც შედის რეცესიაში. ეს ციკლი არასასურველია ინვესტორებისთვისაც, რადგან ბაზარზე პოზიტიური მოლოდინი, სწრაფადვე ისევ უარყოფითი ტრენდით იცვლება. მაგალითისათვის, 1980 წლის იანვრიდან ივლისამდე აშშ – ს ეკონომიკამ განიცადა საწყისი რეცესია, შემდეგ თითქმის მთელი წელი გაჯანსაღდა, სანამ მეორე რეცესიაში შევიდა 1981 – დან 1982 წლამდე.
რაც შეეხება L- ფორმის რეცესიას, ეს არის ყველაზე არასასურველი განვითარების სცენარი, რადგან ეკონომიკის აღდგენის პერიოდი გადაიწევს სულ მცირე 2025 წლამდეც კი, შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების კონპენსირება საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე მოგვიწევს, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება 8-9 %, ხოლო სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან უკეთეს შემთხვევაში 65 % -მდე გაიზრდება. რაც მთავარია, ამ ტიპის რეცესიას ახასიათებს მაღალი უმუშევრობა და ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნა. სავალუტო რეზერვები დავა კრიტიკულ დონეზე, არ არის გამორიცხული საბანკო ლიკვიდობის კრიზისი.
სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებას ჯერ კიდევ ახასიათებს მკვეთრი პოლარიზაცია, კონსენსუსის თემა, ბევრ საკითხში პრობლემატურია და ამას დაძაბული და ლამის ისტერიამდე მისული პოლიტიკური ველიც აჩვენებს. ქართული ოპოზიცია და პირველ რიგში ნაციონალური ოპოფლანგი, მაქსიმალურად ეცდება საპროტესტო მუხტის აწევას, რასაც ისედაც ცდილობს და გამოსვლების პროვოცირებას ხელისუფლების რეიტინგის დასაგდებად, აქ ხელისუფლების ცვლილებით, გარდა ოპოზიციისა, სხვა გარე აქტორებიც შეიძლება იყოს დაინტერესებული. სააკაშვილის ახალი ვიდეო ბლოგიც არ არის მხოლოდ მის თავში მოხარშული. რა თქმა უნდა, ოპოზიციისათვის ეს იქნება პიროსის გამარჯვება, ხოლო ქვეყნისათვის კატასტროფის ტოლფასი, ამიტომ ხელისუფლებას უნდა ეყოს სიმამაცე და ყველა ის მაღალრისკიანი მიმართულება, იქნება ეს სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები, ასევე სხვა ლოკაციები, რაც არის მასობრივი თავშეყრის ადგილი, მაქსიმალურად შეზღუდოს, უნდა გამკაცრდეს კონტროლი ტრანსპორტში, რესტორნებში და სხვა სავაჭრო ობიექტებში, სადაც ხშირად სრული უკონტროლობაა.
ახლა ბევრი რამ ხელისუფლებაზე და მის მტკიცე გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ამის კარგი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს, მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტი ყველა საერთაშორისო შეფასებითაც საკმაოდ ეფექტური იყო. პანდემიის მეორე ტალღის აგორებისას, შეიძლება დავდგეთ არჩევნების გადადების წინაშე, ამასთან, არჩევნებამდე წარმოქმნილი ქაოსით და დესტაბილიზაციით მისვლა კიდევ უარესი იქნება და ბევრ არასასურველ მოვლენებს, მათ შორის პოლიტიკურს დაუდებს სათავეს.
ჩვენ შეიძლება შევიდეთ ისეთ პოლიტიკურ ჩიხში, ქართული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის სიბეციდან გამომდინარე, საიდანაც თავის დაღწევა არა თუ ძნელი იქნება, არამედ დღევანდელი მდგომარეობაც კი სანატრელე შეიძლება გაგვიხდეს,"- წერს გიორგი ცუცქირიძე.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge