ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"გუშინ ვწერდი და ვიმეორებ-იურიდიული ფაქტია: მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით ცალსახად და კატეგორიულად ეკრძალება საქართველოში ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა, დასახელება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად - არაკონსტიტუციურ და უკანონო საარჩევნო მიზანს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს უტყუარი იურიდიული ფაქტია, ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობას არა აქვს მექანიზმი პოლიტიკურ სუბიექტს თუნდაც ასეთი არაკონსტიტუციური და უკანონო საარჩევნო მიზნის მიღწევა იმთავითვე აღუკვეთოს. გასაგებია, რომ ჩვენი კანონმდებლობა პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას მეტად უფრთხილდება და იცავს, ვიდრე ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენების რისკს აზღვევს.
საარჩევნო კოდექსი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას საარცევნო მიზნის არაკონსტიტუციურობის საფუძვლით მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ეს პარტია.
ხოლო "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 36-ე მუხლით საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვა შეუძლია, თუ ამ პარტიის "მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება."
თუ ენმ გაბედავს და სააკაშვილს "ოფიციალურადაც" წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად (ასეთი განზრახვა უკვე გაჟღერდა), ყველა კეთილი ნების ქართველს, უწინარეასად - სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მეგობრებს-ორგანიზაცია "დავასრულოთ ნაცები"-ს წევრებს მოგიწოდებთ: მოვამზადოთ საკონსტიტუციო სარჩელი, ენმ-ის აკრძალვის მოთხოვნით.
ეს სარჩელი დაემყარება მყარ სამართლებრივ არგუმენტებსა და მკაფიო მტკიცებულებას, რომ ენმ-ის საარჩევნო მიზანი - მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული უცხოელი - სააკაშვილი გაიყვანოს პრემიერ-მინისტრად, არა მხოლოდ უკანონო და არაკონსტიტუციურია, არამედ წარმოადგენს კონსტიტუციური წყობილების დამხობის პირდაპირ და უშუალო საფრთხეს.
არსებული კონიუნქტურის პირობებში მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია იტვირთოს პასუხისმგებლობა, სამართლებრივად დაიცვას ქართველი ხალხი და სახელმწიფო, რათა ენმ-ის ეს წრეგადასული უტიფრობა, რაც საქართველოსთვის სახეში სილის გაწვნის ტოლფასია, აღიკვეთოს და საკადრისად დაისაჯოს!
არც ერთ ქართველს არა აქვს უფლება, განზე გადგეს, როცა ეს მტრული ძალა - ენმ, ბედავს და თავხედურად ემუქრება სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს ლეგიტიმურობას და აბუჩად იგდებს ქვეყნის სუვერენიტეტს!"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge