ფეისბუქმომხმარებელი კახი კენკაძე სოციალურ ქსელში წერს:
"აბა, ცოტა გავხალისდეთ:
ედუარდ შევარდნაძის, ძალზედ იშვიათი, შავი იუმორის კიდევ ერთი თვალნათელი დემონსტრაცია იყო მისი შეხვედრა თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალ , გენერალ, ჰუსეინ კივრიკოღლუსთან. შეხვედრა დილის 10 საათზე იყო დანიშნული. გენერალი ბუნებრივია თავის დროზე მოვიდა, ედუარდი კი რატომღაც აგვიანებდა. ეს ის დროა, როდესაც თურქეთის სამხედრო გენერალიტეტი ქვეყნის მთავარ ძალას წარმოადგენდა, ხოლო სახმელეთო ჯარების სარდალი, ფაქტიურად, პირველი პირი იყო ქვეყანაში.
გენერალს რომ შევხედეთ, იერით ძალიან ჰგავდა ქართველს. იქ მყოფ ჟურნალისტებს გადავულაპარაკე კიდეც, როგორც ჰგავს მეთქი ქართველს. როგორც იქნა, ნახევარი საათის დაგვიანებით, რაც ასევე ძალზედ უჩვეულო იყო მისთვის, შევარდნაძეც შემოვიდა მისაღებ ოთახში. როგორც წესი ის ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო ხოლმე და სტუმრებს ძალზედ მეგობრულად ეპყრობოდა. იმ დილით კი, არ ვიცი რა მიზეზის გამო, ისეთ უჟმურ ხასიათზე მოვიდა, რომ, მისალმებისას, გენერალს არც კი გაუღიმა. არა და მისი მეტსახელი „ბატონი ღიმილი“ იყო. Mr. Smile მას ამერიკელებმა შეარქვეს. (მისი წინამორბედი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო, რომელიც ამ პოსტს 28 წლის განმავლობაში იკავებდა, არასდროს არ იღიმებოდა და იმდენად დიდი იყო ამერიკელების გაოცება, რომ სსრკ-ს ახალი მინისტრი, ვაშინგტონში, სულ გაღიმებული დადიოდა, რომ მას ეს სახელი შეარქვეს).
იმ დილით კი, როგორც უკვე აღვნიშნე, მას ძალზედ უკმაყოფილო და გაბრაზებული სახე ჰქონდა.
ამ ფონზე თურქი გენერალი ისე დაიძაბა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან შეშინებული სახით დაჯდა. საპირისპირო მხარეს დაჯდა ედუარდი. იდაყვი მაგიდას დააყრდნო, ყბა მუჭზე ჩამოდო და გენერალს მიაშტერდა. მეც გვერდზე მივუჯექი და გენერალს ვანიშნე, რომ საუბარი დაეწყო. მანაც არ დააყოვნა:
- იცით, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი წინაპრები ქართველები იყვნენ.
წარმოთქვა მან და ედუარდს იმედის მზერა მიაპყრო იმის მოლოდინში, რომ ამ ნათქვამით მის გულს მოიგებდა. მე მისი სიტყვები უცებ ვუთარგმენე პრეზიდენტს. მან კი, სხეულის ენის შეუცვლელად, კბილებში ცივად გამოსცრა:
- ჩემიც.
Mine too – მომენტალურად ვუთარგმნე სტუმარს, რომელიც მოულოდნელი შოკისგან კინაღამ სკამიდან გადავარდა. შევარდნაძის გზავნილი ნათელი იყო: შენი წინაპრები ქართველები კი იყვნენ, მაგრამ ახლა შენ თურქი ხარ. ჩემები კი ქართველები იყვნენ და მე ისევ ქართველი ვარ..."- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge