01:11 11.09.2020
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა შესაძლოა, თანამდებობიდან დაითხოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა შესაძლოა, თანამდებობიდან დაითხოვონ. მიზეზი მისი გახმაურებული ფეისბუკპოსტია, რომელიც მან ოთხი დღის წინ გამოაქვეყნა და რომლის გამოც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტების გაკეთება მოუხდა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში ზახაროვას რეპლიკას, რომელსაც მან სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის თეთრ სახლში სტუმრობის დროს გადაღებული ფოტო დაურთო. ზახაროვამ იქვე გამოაქვეყნა შერონ სტოუნის სურათი გახმაურებული ფილმიდან „ძირითადი ინსტინქტი“. იგი მოუწოდებს ყველას, ვისაც თეთრ სახლში დაიბარებენ და სკამს ისე დაუდგამენ, თითქოს დაკითხვაზე იყოს, შერონ სტოუნის გმირივით მოიქცეს და ნუ დაჯდება ტრამპთან, როგორც სკოლის მოსწავლე.

 

ზახაროვას ამ კომენტარს სერბეთის მთავრობის წევრების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, ასევე, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი. მან მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთში სერბეთის მეგობრულ ურთერთობებს არ აფასებენ. „საწყენია, რადგან ამ მოლაპარაკებების დროსაც კი, მე ვიცავდი სერბეთის ურთიერთობებს რუსეთთან და უარი ვთქვი გათხევადებული გაზის შეძენაზე. არ აფასებს ხალხი იმას, რომ სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოსკოვს სანქციები არ დაუწესა, არ აფასებენ, რომ სერბეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყანაა და არ აპირებს ნატო-ში შესვლას, არ აფასებენ, რომ იარაღს და გაზს რუსეთისგან ყიდულობს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. „მსვამენ სკამზე. ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბარი, რა დროსაც მე ვიცავდი, სერბეთის ჩინეთთან ურთიერთობასაც კი. და რა უნდა მეთქვა?! „რატომ არ მაქვს ისეთი მაღალი სავარძელი როგორც შენ, ამერიკის პრეზიდენტს? თუ უნდა წავსულიყავი, რადგან სკამმა შემიშალა ხელი? მე სკამებზე არ ვოცნებობ. მე ამ სკამზე დავჯექი სერბეთის პრობლემების გადასაჭრელად. საჭირო რომ ყოფილიყო ვიდგებოდი, ჩავიკუზებოდი კიდეც“ – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

 

ზახაროვამ მოგვიანებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ პოსტი ბევრმა არასწორად გაიგო. ამ რეპლიკით მას უნდოდა ხაზი გაესვა აშშ-ის ქედმაღლობისთვის

 

მარია ზახაროვას, სავარაუდოდ, ახალი თანამდებობა უკვე შეურჩიეს. იგი დიპლომატიურ აკადემიაში უშიშროების კათედრას უხელმძღვანელებს. 

 

 

 

 აშშ-სა და სერბეთის პრეზიდენტების შეხვედრა. 



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge