დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება“ - უცხოური პრესა 11.09.2020 12:09

 

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაუარესებული სიტუაცია - რეკორდული რაოდენობით მოქალაქეთა დაინფიცირების შესახებ, ბუნებრივია, დაუყონებლივ აისახა ჩვენი მეზობელი ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.


სომხეთი


ინფორმაციები, რომლებიც საქართველოს 57 მოქალაქის დასნებოვნების ფაქტს ეხებოდა, განსაკუთრებით აქტიურად გავრცელდა სომხურ მედიაში. პრაქტიკულად, სომხეთის ყველა საინფორმაციო სააგენტომ («Арменпресс», «Панармениан», «Арка», «Панорама» და ა.შ.) განათავსა თავის ვებ-საიტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, რომელიც მან 10 სექტემბერს დილით, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.


შესაბამისად, ინფორმაციები სათაურით „საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება“ და „საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა მატებაში ისევ რეკორდი დამყარდა“, სომხური მასმედიის ერთ-ერთი ძირითადი ახალი ამბავი გახდა. ასევე თვალსაჩინო ადგილზე იყო გამოქვეყნებული მასალა სათაურით „საქართველოში ისევ აკრძალეს ქორწილები, ქელეხები და სხვა რიტუალური ღონისძიებები“


(წყარო: http://www.panarmenian.net/rus/news/284963/


სხვათა შორის, გუშინვე სომხურ მასმედიაში გავრცელდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაც, რომელიც მან რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და რომელიც მისი ქართველი კოლეგის - გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების მსგავსია: „ნიკოლ ფაშინიანი: კორონავურუსის მეორე ტალღის საფრთხე რეალურია“ (წყარო: https://rus.azatutyun.am/a/30831743.html)


აზერბაიჯანი


აზერბაიჯანულ მასმედიაში საქართველოში შექმნილ ვირუსულ სიტუაციას, რომელიც დაავადებულთა რაოდენობის სწრაფი მატებით გამოიხატა, მაინცდამაინც ფართო რეაქცია არ მოჰყოლია. ინფორმაციები გამოქვეყნდა, თუმცა მათ, შეიძლება ითქვას, რიგითი მნიშვნელობა ჰქონდათ და ახალი ამბების ნაკადში „ჩაიკარგა“ აი, მაგალითად, ასეთი შედარებით „რბილი“ სათაურით: „გიორგი გახარიამ ხალხი გააფრთხილა, რომ „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა ახლოვდება“

 

(წყარო: https://www.novoye-vremya.com/posts/gakhariya-predupredil-v-gruzii-nachinaetsya-vtoraya-volna-covid-19nbsp-2020-09-10-151533).


თურქეთი


თურქული მედია, სხვათა შორის, რეგულარულად, ყოველდღიურად აქვეყნებს როგორც უშუალო მეზობელ, ასევე ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებში შექმნილი კოვიდვითარების ამსახველ ინფორმაციებს. გამონაკლისი არც საქართველო არ არის. გამოცემა «Star gazete»-ში გამოქვეყნდა მიმოხილვითი მასალა, რომელშიც ცალკე „ქვეთავის“ სახით არის საქართველოს სიტუაცია: გიორგი გახარიას განცხადება, საერთო სტატისტიკა და ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მოკლე ისტორია.

 

(წყარო: https://www.star.com.tr/dunya/avrasya-ulkelerinde-koronavirus-salgini-etkisini-surduruyor-haber-1571594/


რუსეთი


რუსული მასმედია, რომელიც, როგორც ცნობილია, ძალზე მრავალრიცხოვანია, ტრადიციულად, საქართველოს რეალობისადმი ყოველთვის ინტერესს იჩენს. გასაგებია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები უყურადღებოდ არ რცება. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ის რეკორდულ რაოდენობას, ეს ფაქტი რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის - „პერვიი კანალის“ (ТВ «Первый канал») საინფორმაციო პროგრამის „ვრემიის“ საღამოს გამოშვებაში აისახა. პროგრამის წამყვანმა ვიტალი ელისეევმა თავდაპირველად მიმოიხილა ევროპის ქვეყნებში და თურქეთში არსებული კოვიდსიტუაცია და შემდეგ „სიტყვა გადასცა“ „ვრემიის“ თბილისელ კორესპონდენტს რიმა ბერულავას, რომლის მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტი ამ ტემაზე ყველაზე ხანგრძლივი (5-წუთიანი) გამოდგა.


„საქართველოშიც არასანუგეშო რეკორდი დაფიქსირდა და იმავდროულად ახალი სეზღუდვებიც დაწესდა, რომლებიც ტრადიციულ ქეიფებს და ქორწილებს შეეხო . ახლა სასიძო და საპატარძლო ქორწინებას პირბადეებით არეგისტრირებენ, ერთმანეთისაგან დისტანციას იცავენ. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს“, - ამბობს კორეპონდენტი და ვიდეოსიუჟეტში აჩვენებს უკმაყოფილო ადამიანების პოზიციას, რომელთა ტქმით, „ეს ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს ეწინააღმდეგება“. ასევე ნაჩვენებია ახალგაზრდა წყვილის - გიორგი ვართანოვისა და ვიქტორია კოსოვას თავალსაზრისიც, რომლებიც ქორწილისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ახლა გადადება ან გაუქმება მოუწევთ.


ვიდეოსიუჟეტში ასახულია აგრეთვე რესტორნების მენეჯერთა უკმაყოფილება, რომლებიც მომხმარებლების, კლიენტების კატასტროფულად მცირე რაოდენობისა და შესაბამისად, შემოსავლების მოცულობის შემცირებაზე ჩივიან. ბევრი უმუშევრად რჩება, თუმცა ზოგიერთები ცდილობენ არსებულ სიტუაციაში როგორმე გამოსავალი მონახონ (საუბრობს მენეჯერი გიგლა პეტრიაშვილი).


„ვრემიის“ კორესპონდენტი ყურადღებას უთმობს აგრეთვე კორონავირუსის საერთო სტატისტიკის მაჩვენებლებსაც და ამ მხრივ ხაზს უსვამს, რომ ყველაზე ცუდი სიტუაცია ამჟამად საქართველოს ტურიზმის ცენტრში - აჭარაშია, სადაც ინფექცია სწრაფად ვრცელდება. „დრეს საქართველოში ანტირეკორდი დამყარდა - დაფიქსირდა 57 დაავადებული. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 600 საწოლიდან, რომლებიც კორონავირუსით ავადმყოფებისთვის არის გამოყოფილი, 65% უკვე დაკავებულია“, - ამბობს ჟურნალისტი.


(წყარო: https://www.1tv.ru/news/2020-09-10/393080-v_mire_rastet_chislo_zarazivshihsya_koronavirusom_neuteshitelnyy_rekord_zafiksirovan_v_gruzii

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ