დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ბუმბერაზი 110 სართულიანი შენობა, სულ რაღაც 15-20 წამში მანჰეტენის ულამაზესი ხედიდან გაქრა" 12.09.2020 12:21

ლევან სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ეს ფოტო 15 წლის წინ არის გადაღებული ჩვენი ეზოდან. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 110 სართულიან ულამაზეს შენობებს სულ რაღაც 7-8 თვის სიცოცხლეღა დარჩენოდა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა...

 

2001 წლის 10 სექტემბერი, საღამო, დაახლოებით 10:30  სამსახურიდან სახლში მიმავალი, ჩვეულებისამებრ, ბოლო სიგარეტის მოსაწევად მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობის შესასვლელთან შევჩერდი. იქ იყო მეტრო სადგურიც - სახლამდე ერთი გადასარბენი, მდინარე ჰუძონის ქვეშ. ჩვენი სამსახურის შენობა (Barclays Capital) კი ქუჩის გადაღმა - 222 Broadway -ზე მდებარეობდა. მშვიდი საღამო იყო, მოწმედნილი ცა, იდეალური ტემპერატურა და ჟანგბადით სავსე ნიავი ნიუ იორკის ყურედან. სიგარეტი ბოლომდე ჩავამთავრე და, როგორც ყოველთვის, შენობას ავხედე. უკანასკნელად. წარმოუდგენელ კატასტროფამდე სულ რაღაც 11-12 საათი რჩებოდა.

 

2001 წლის 11 სექტემბერი, დილა, დაახლოებით 9 საათი. სამსახურში ვაგვიანებ. მეუღლე ნახევარი საათია წასულია - ქვემო მანჰეტენზე მუშაობს ისიც. ბიჭები სკოლაში არიან. სწრაფ ტემპში ვიპარსავ წვერს. დედაჩემი რეკავს. იქვე, მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობს ჩემს ძმასთან ერთად. სიტყვასიტყვით: „შვილო, ლევან, აცხადებენ, ვორლდ თრეიდ ცენტრში ხანძარია და იქნებ დღეს არ წახვიდე სამსახურში“. დედაჩემმა ყოველთვის ზუსტად იცის როდის გამაფრთხილოს... სამსახურში არწასვლა მაშინვე გამოვრიცხე, თუმცა ტელევიზორი მაინც ჩავრთე და ფანჯრიდან შენობებს გავხედე. ჩრდილოეთ შენობის ზედა სართულებიდან შავი კვამლი გამოდიოდა. იგივე სურათი იყო CNN-ზეც. წამყვანები ხანძრის მიზეზებზე მარჩიელობდნენ. დაახლოებით, 10-ის 20 წუთია. უკვე მზად ვარ წასასვლელად. ტელევიზორის გათიშვას ვაპირებ და ამ დროს - თვითმფრინავის სრულ სიმძლავრეზე მომუშავე მოტორების გუგუნი. ძალიან დაბალზე მოფრინავს. ფანჯრიდან ვცდილობ დავინახო. დიდი თვითმფრინავია. მგონი, Boeing 767. ჩვენს სახლს გადაუფრინა, ნიუ იორკის ყურეზე მოტრიალდა და პირდაპირ სამხრეთ შენობისკენ მიდის. CNN-ის წამყვანების პანიკური შეძახილები ...Look…Another one is coming... შეჯახება, უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი და შავი კვამლი. 

 

რამოდენიმე წუთი - შოკი. ვიწყებ მეუღლესთან დაკავშირებას. არსად არ ირეკება. CNN-ზე ახალი ინფორმაციაა, რომ კიდევ ერთი თვითმფრინავი პენტაგონს დაეჯახა და სავარაუდოდ კიდევ ერთი ჰაერშია და სამიზნე ან თეთრი სახლია ან კაპიტოლიუმი. უკვე გასაგებია რაც ხდება. სახლიდან ძალიან კარგად მოჩანს ჩრდილოეთ და სამხრეთ შენობები. ორივედან ძალიან დიდი კვამლი გამოდის.

 

ეზოში ჩამოვედი. ჩვენი კორპუსის მეზობლებთან ერთად ჰუძონის ნაპირზე ვდგავარ და ვუყურებ როგორ იწვის შენობები. ველოდები, რომ რამეს იზამენ, ხანძარს ჩააქრობენ, სად არის ტექნიკა, ავიაცია... მხოლოდ ერთი პატარა ვერტმფრენი (სავარაუდოდ პრესის) დასტრიალებს შენობებს. ორმა F-15 თუ F-16-მა გადაგვიფრინეს და სულ ეს იყო. 

 

დაახლოებით 10 საათია და ხდება ის რაც ვერავის წარმოედგინა - სამხრეთ შენობა იწყებს ჩამოშლას. სულ რაღაც 15-20 წამში, ეს ბუმბერაზი 110 სართულიანი შენობა გაქრა მანჰეტენის ულამაზესი ხედიდან. ყველა შოკშია, ტირილი, ისტერიკა.... მეზობლების უმრავლესობის ოჯახის წევრები და ახლობლები ქვემო მანჰეტენზე, უოლ სტრიტზე მუშაობენ. 

 

ისევ არსად არ ირეკება.... მეუღლის სამსახური სამხრეთ შენობიდან სულ რაღაც 600 მეტრშია. ბავშვების სკოლები მოშორებით არის. მეზობელი შტატიდან მირეკავს კოლეგა - როგორ ხართო. ვთხოვ მეუღლესთან დარეკვას. რამოდენიმე წუთში ისევ მირეკავს - მეუღლე უვნებელია, მაგრამ შოკშია და ტირის. მათი ბანკის შენობა მსუბუქად დაზიანდა. 

 

გავცქერი მარტოდ დარჩენილ „ტყუპისცალს“ - ჩრდილოეთ შენობა, რომელსაც თავზე გიგანტური ანტენა ამშვენებს, ისევ დგას. „იქნებ ეს გადარჩეს“ -  ვფიქრობ და თვალს არ ვაშორებ. 11-ის ნახევარია. შავი კვამლი ნელ-ნელა თეთრით იცვლება. უეცრად, შენობის ზედა 20 სართულიანი ნაწილი, თავის ანტენით მარცხნივ გადაიხარა, ჩამოშალა გამომწვარი ქვედა სართულების საყრდენები და, როგორც გიგანტური ურო, ისე დაეცა დანარჩენ შენობას და 90 სართულის სიმაღლიდან შენობის 20 სართულიანი ნაწილი პირდაპირი ვარდნით წამოვიდა ქვემოთ. დარჩენილი 90 სართული კი, გიგანტური „უროს“ დარტყმისგან, 10-15 წამში მთლიანად ჩამოიშალა.  

 

2600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ერთდროულად - ჩვეულებრივი, დილით სამსახურში წასული ხალხი. ზუსტად 15 წლის წინ,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ