დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"ეკონომიკა არა მხოლოდ იმპორტის, არამედ ექსპორტის ჩანაცვლებაზე უნდა გადაეწყოს" - გიორგი ცუცქირიძე 14.09.2020 11:00

ჩვენ გვჭირდება საგარეო მოთხოვნის ახალ სტრატეგიაზე გადასვლა, ეკონომიკა არა მხოლოდ იმპორტის, არამედ ექსპორტის ჩანაცვლებაზე უნდა გადაეწყოს, - ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა. 

 

"კოვიდკრიზისის პირობებში, საერთაშორისო ვაჭრობაში მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების წყვეტამ, რაც დღეს პოსპანდემიური პერიოდისათვის დამახასიათებელი გაურკვევლობის ტენდენციებით მიმდინარეობს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეფექტი ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

 

წმინდა უცხოური ინვესტიციები შეიძლება განვიხილოთ, ეკონომიკური ზრდის კონტექსტში, უალტერნატივოდაც, რაც შეიძლება მიმართული იყოს როგორც იმპორტის ჩანაცვლების, ასევე ექსპორტის ჩანაცვლების კუთხითაც.

 

იმპორტის ჩანაცვლება, განსაკუთრებით სტრატეგიულ სასურსათო და ჯანდაცვის საქონელზე, კრიზისებისას საჭირო მარაგების გარდა, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივი პროდუქციის გამოშვების ზრდით, იმპორტის ჩანაცვლება ახდენს რა შიდა მოთხოვნის სტიმულირებას, დადებითად მოქმედებს უცხოური ვალუტის ეკონომიაზეც, რადგან გაცილებით ნაკლები ვალუტა გაედინება ქვეყნიდან.

 

დღეს, ხშირად რატომღაც სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს დისკუსია, არადა ჩვენ წინაშე გაცილებით აქტუალური ხდება ექსპორტის ჩანაცვლების მოდელზე გადასვლა, რადგან იმპორტის ჩანაცვლებისაგან განსხვავებით, ექსპორტის ჩანაცვლების ეფექტი გაცილებით მეტია. შემოაქვს რა ქვეყანაში უცხოური ვალუტა, უცხოური ვალუტის გამომუშავებას ახორციელებს, უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინების მხარდაჭერით, რაც დადებითად მოქმედებს საგადამხდელო ბალანსზე, მისი დეფიციტის შემცირების მიმართულებით და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობით, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფს; გარდა ამისა, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით დასაქმების სტიმულირებასაც ახდენს და დადებითად მოქმედებს ბიუჯეტის დეფიციტზეც.

 

ჩვენნაირი მცირე ზომის ეკონომიკისათვის, საერთაშორისო ბაზრებზე აქცენტირება იძლევა მასშტაბის დიდ ეკონომიას, შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაძლიერებას, მაღალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის ზრდას და ცოდნაზე ბაზირებულ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობასაც;

 

ამასთან, ექსპორტის ჩანაცვლება და გლობალურ ბაზრებზე ორიენტაცია, როგორც საგარეო მოთხოვნის სტიმულირება, ინვესტორთა გეოგრაფიას და დივერსიფიკაციასაც, კიდევ უფრო გაზრდის, განსაკუთრებით დღეს გარე ბაზრებზე მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვების წყვეტიდან და ჩინეთიდან ამერიკული და ევროპული კომპანიების საწარმოო სიმძლავრეების რელოკაციის ტენდენციიდან გამომდინარე.

 

ამიტომაც არის, რომ ექსპორტის ჩანაცვლების ამოცანა იმპორტის ჩანაცვლებასთან შედარებით, კიდევ უფრო აქტუალური ხდება;

 

თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესის განვითარებასთან ერთად, უცხოური ინვესტიციების განმსაზღვრელი ტრადიციული დეტერმინანტების მნიშვნელობა, რაც გუშინ უალტერნატივოდაც კი განიხილებოდა, კარგავს პრიორიტეტებს. თუ 2007 წლის გლობალურ კრიზისამდე, ნეო ლიბერალური შეხედულებით უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე პროპაგანდირებული ფაქტორი გახლდათ ეროვნული ბაზრის მასშტაბი და დაბალი გადასახადები, მისი მნიშვნელობა გადაფასებულია.

 

დღეს უცხოური ინვესტიციების შეფასების ძირითად დეტერმინანტებს პრიორიტეტების მიხედვით ისეთი ფაქტორები განსაზღვრავს, როგორიც პოლიტიკური რისკი და სტაბილურობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი, სასურველი ბიზნესგარემოს არსებობა, კვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობა, დაბალი შრომის დანახარჯები, ბუნებრივი რესურსები და გლობალურ ბაზრებთან გეოგრაფიული სიახლოვე წარმოადგენს. აქ ჩვენ ნამდვილად გვაქვს კონკურენტული უპირატესობა, თუნდაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ევროკავშირის 500 მილიონიან და 18 ტრილიონიანი მშპ-ის მქონე ბაზართან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პრეფერენციებით.

 

თავის მხრივ, უცხოურ ინვესტიციათა განმსაზღვრელი დეტერმინანტებიც ძირითადად ორ მიწოდების და მოთხოვნის არტიკულაციად განისაზღვრება. თუ საკუთრებისა და კონკურენტული უპირატესობა განიხილება, როგორც უცხოური ინვესტიციების მიწოდების დეტერმინანტები, ეს უკანასკნელი მოიცავს მასშტაბის ეკონომიას, პროდუქციის სასიცოცხლო ციკლს, ასევე არამატერიალურ აქტივებს, მაშინ როდესაც მასპინძელი ქვეყნების ადგილმდებარეობის უპირატესობა, მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიციების ნაკადები, წარმოადგენს მოთხოვნის დეტერმინანტს.

 

საგარეო მოთხოვნის აღნიშნული დეტერმინანტი, ჩვენთან დამკვიდრებული წარმოდგენებით არის უცხოური კომპანიების საწარმოო სიმძლავრეების აქ გადმოტანა, თავისი ბიზნეს მოდელით, რაც ითვალისწინებს ინვესტიციის მორგებას უცხოური კომპანიის მოთხოვნებთან, საგადასახადო შეღავათებთან, მენეჯმენტის სტრუქტურასთან, ადამიანური კაპიტალის შეფასების კრიტერიუმებთან, მარკეტინგულ სტრატეგიასთან თუ შრომის ანაზღაურების კრიტერიუმებთან, რაც ხშირად წლობით გაწელილ მოლაპარაკებებში და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ხდება დამოკიდებული, მით უმეტეს ეს კომპანიები როგორც წესი სააქციო საზოგადოებებს წარმოადგენენ. ამიტომ, ამ ტიპის წინასწარი შეთანხმებები და შეთავაზების კონტრაქტები ხშირად უქმდება და ნულოვანი შედეგით სრულდება კიდეც.

 

სწორ საინვესტიციო სტრატეგიაზე და ეფექტიანობაზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოს პირობებში, უცხოური ინვესტიციები მოტივირებულია, შექმნას და გააძლიეროს არსებული კონკურენტუნარიანი გარემო რეციპიენტ ქვეყნებში მოქმედი ფირმებისთვის. შესაბამისად, კონკურენცია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ეფუძნება მასპინძელ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის და მომსახურების არსებულ დონეს, ბიზნესის წარმოების სიმარტივეს და კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობას.

 

ამ კუთხით საქართველოს საკმაოდ მყარი და მიმზიდველი პოზიციები აქვს საერთაშორისო რეიტინგებში, თუნდაც ერთ-ერთ ავტორიტეტულ, Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ახლახან გამოქვეყნებულ რეიტინგში მე-8 ადგილზე ვართ და ვუსწრებთ როგორც რეგიონის ისე, ევროკავშირის და აზიის წამყვან ეკონომიკების უმრავლესობას.

 

ცალკეული ინოვაციური პროდუქტების გატანა ბუნებრივია, ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ მაინც შეზღუდულ სეგმენტზე. ამის მაგალითი შეიძლება იყოს მაგალითისათვის „თაფლის წყალი“ რომელიც მალე გამოვა ქართულ ბაზარზე და წმინდა ქართული პროდუქტია თავისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის.

 

ყოველივე აღნიშნული განაპირობებს გამოწვევებსაც რომელიც ჩვენს წინაშეა. მიმაჩნია, რომ ექსპორტის ჩამნაცვლებელ ახალ მოდელად, აქ უცხოური კომპანიების შვილობილი კომპანიების და ფილიალების გადმოტანის ალტერნატივის სახით, შეიძლება განვიხილოთ საერთაშორისო სავაჭრო ბრენდებისაგან ცალკეულ პროდუქციაზე შეკვეთების მიღება და წარმოება ადგილზე.

 

აღნიშნული მოდელის უნიკალურობა იმაშია, რომ ის არ არის დამოკიდებული შიდა ბაზრის სიდიდეზე. აღნიშნული მიდგომაც, პირობითად საგარეო მოთხოვნაზე ორიენტირებულ ახალ სტრატეგიად უნდა ჩაითვალოს.


ამ მოდელს ბევრი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის არ მოითხოვს რაიმე წინაპირობებს ინვესტიციის შემოსატანად. არ მოითხოვს ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკას, მარკეტინგულ დანახარჯებს, რადგან გასაღებას მთლიანად დამკვეთი უზრუნველყოფს, არ მოითხოვს რაიმე მაშტაბის ეკონომიას, რადგან გასაღების ბაზრებსაც დამკვეთი კომპანია უზრუნველყოფს. რაც მთავარია მთლიანად საგარეო მოთხოვნაზე და მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული.

 

სხვა უპირატესობიდან უნდა გამოიყოს, თავად ფასი. საკონტრაქტო ანუ მიწოდების ფასს ადგენს დამკვეთი, ხოლო ადგილობრივი კონტრაქტორი კომპანია ამ ფასის ფარგლებში უზრუნველყოფს პროდუქციის შეკვეთილი რაოდენობის დამზადებას, შესაბამისად, საჭირო ტექნოლოგიების შეძენასაც და მუშახელის სათანადო კვალიფიკაციასაც. ამ ფასიდან გამომდინარე, ახდენს თვითღირებულების და მოგების მარჟის დაანგარიშებასაც და ამ კომპონენტში არ არის დამოკიდებული უცხოელ პარტნიორზე. უფრო ეფექტურად გამოიყენება შიდა რესურსებიც, რადგან აღარ არსებობს ჭარბი რესურსების ზედმეტად მოხმარების სტიმულირება;

 

ამ მოდელის რეალიზაცია თავისუფლად არის შესაძლებელი „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, საბანკო თანადაფინანსებით. რაც მთავარია, იგი არ მოითხოვს მაინდამინც მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს. ამ მოდელზე აგებული წმინდა საექსპორტო კომპანიის შექმნას, თუნდაც უკვე მოქმედი კომპანიების ბაზაზე გაცილებით მცირე დრო სჭირდება და რამდენიმე თვეშიც კი არის შესაძლებელი პროდუქციის გამოშვება.

 

ეს არის მთლიანად ექსპორტზე აგებული მოდელი, რომლის დროსაც ბიზნესი გარე შეკვეთებზე მუშაობს, რომლის საწარმოო ციკლიც დაბალი დებიტორული დავალიანების, და ნორმირებული მარაგების ბრუნვით ხორციელდება, პროდუქციის ჩაწოლის და ლიკვიდობის რისკიც ნულთან ახლოს დგას.

 

ჩვენ გვჭირდება საგარეო მოთხოვნის ახალ სტრატეგიაზე გადასვლა, ეკონომიკა არა მხოლოდ იმპორტის, არამედ ექსპორტის ჩანაცვლებაზეც უნდა გადაეწყოს.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ მოდელზე აწყობილი ქართულ-გერმანული კომპანია უკვე წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში", - წერს გიორგი ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ