11:50 14.09.2020
"მე ის მიშა აღარ ვარ, რომელიც ვიყავი" - მიხეილ სააკაშვილი

რუსეთის ტელევიზიის „მირ-24“-ის (ТВ «Мир-24») მიერ 13 სექტემბრის საღამოს ეთერში გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოში წინასარჩევნოდ შექმნილი სიტუაციის შესახებ, რომლის ტექსტური ვერსია ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით" „ქართული ოცნება“ და მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად იბრძოლებენ“.

 

გთავაზობთ შემოკლებული სახით:

 

„საქართველოში „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის მიუხედავად,  წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, რა თქმა უნდა, ამ დროს მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს. იგი ყოველთვის ჩნდება ხოლმე, როგორც კი სამშობლოში დაბრუნების შანსი ჩნდება, მცირეოდენიც კი. ამჯერადაც მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა თავი ვერ შეიკავა: ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ მზადაა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს და „ქვეყანა ჭაობიდან გამოიყვანოს“. ცხადია, ამისათვის ჯერ აუცილებელია, რომ ოპოზიციამ არჩევნებში გაიმარჯვოს, შემდეგ კი ნიკოლოზოვიჩმა იმაზე იფიქროს, თუ როგორ გაანეიტრალოს ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც მიშას წინააღმდეგ აღიძრა და ის მსჯავრი, რომელიც მიშას უკვე გამოუტანეს, როცა იგი საქართველოში არ იყო“, - ამბობს პროგრამის წამყვანი ეკატერინე აბრამოვა და სიტყვას გადასცემს „მირ-24“-ის თბილისელ კორესპონდენტს მიხეილ რობაქიძეს.

 

 

„მიშიკო პრეზიდენტის სასახლეში, მიშიკო თვითმფრინავის შტურვალთან, მიშიკო მთებში, ბავშვებთან, მოხუცებთან, მიშიკო ვენახში, მშენებლობაზე... იგი ყველგანაა. ასე იყო ცხრა წლის განმავლობაში, სანამ ქვეყანას მიხეილ ნიკოლოზოვიჩი მართავდა. გაქცეული პოლიტიკოსის პოლიტიკური ბიოგრაფიის ამსახველი საარქივო კადრები ამჟამად გარდასულ დროზე ნოსტალგიას წარმოადგენს.

 

 

„ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრეთ. საქართველოში შვიდი წელი არ ვყოფილვარ. მშობლიურ მიწასთან განშორება ძალიან ძნელია...“ - ცრემლებს ღვრის მიხეილ სააკაშვილი. ეს ექს-პრეზიდენტის კიდევ ერთი ტელემონანიებაა, პირველი ორი კვირის წინათ იყო: „მე პირადად ძალიან შევიცვალე. მე ასეთი არ ვიყავი. ცხოვრებამ მასწავლა ძალიან ბევრი რაღაცა... მე ის მიშა აღარ ვარ, რომელიც ვიყავი. ეს კარგიც არის და ცუდიც არის. ეს შვიდი წელი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებისთვის... ბევრი სერიოზული შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვინც არაფერს აკეთებს, ის შეცდომებს არ უშვებს. ყველას პატიებას გთხოვთ“.

 

 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, უარი თქვა მოქალაქეობაზე. სამშობლოში მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ მიშას თანაპარტიელებზე ამას არ უმოქმედია, მათ ექს-პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის სავარძელი მოუმზადეს. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ხელს აძლევს მმართველ „ქართულ ოცნებასაც“.

 

ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის გადასარჩენად. მას მათი გაძევება პოლიტიკური არენიდან ჯერ კიდევ 2012 წელს შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა. ივანიშვილმა გათვალა, რომ მას მიხეილ სააკაშვილი საფრთხოებლად დაჭირდებოდა“.

 

ყველაფერი ისე, როგორც ქართულ ცეკვა „ხანჯლურში“: დაპირისპირება, მძვინვარება, მძაფრი შეტევა... მთავარი მიზანი - აპლოდისმენტების მიღება, რომელიც პოლიტიკაში ამომრჩეველთა ხმებს ნიშნავს.

 

საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი, ცესკომ თითქმის 60 პარტია და ბლოკი დაარეგისტრირა, მაგრამ მთავარი ბრძოლა ძირითადად ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასა“ და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაუიმართება. ეს ბრძოლა კიდევ ერთ ქართულ ცეკვას ჰგავს - „კინტოურს“, რომელშიც იმარჯვებს ის, ვინც იატაკიდან ღვინით სავსე ჭიქას კბილებით აიღებს.

 

საქართველოს მთავრობა კახელ გლეხებს სუბსიდიით დახმარებას პირდება. როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, დაეხმარებიან სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული სააგენტოების მფლობელებსაც. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ასეთი მოქმედებით ამომრჩეველთა ხმებს ყიდულობს“.

 

ოპოზიციას საქართველოს იუსტიციის მინსტრი თეა წულუკიანი პასუხობს: „უცნაურია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც უზურპატორ მიხეილ სააკაშვილის იმედი აქვთ. დაე, ჩამოვიდეს. მისი ადგილი ციხეშია. კვება კარგია და მოეწონება“.

 

წყარო: https://mir24.tv/articles/16425877/gruzinskaya-mechta-i-storonniki-saakashvili-vstupili-v-shvatku-za-mesta-v-parlamente

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge