20:57 14.09.2020
„შვეიცარიამ უზბეკეთს ექს-პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის ქალიშვილის, გულნარა კარიმოვას წაღებული 130 მილიონი დოლარი დაუბრუნა“

ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:

 

„შვეიცარიამ უზბეკეთს მისი ექს-პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის ქალიშვილის გულნარა კარიმოვას წაღებული 130 მილიონი დოლარი დაუბრუნა, რომ ქვეყნის საჭიროებებს მოახმაროს. შვეიცარიის ბანკებში კი გულნარას ანგარიშებზე გაყინულია კიდევ 750 მილიონი, აი ასე!“

 

შეგახსენებთ, ამავე თემაზე რადიო თავისუფლების ინფორმაციას, რომელიც წელს, მაისში გამოქვეყნდა:

 

უზბეკეთის იუსტიციის სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ შეძლეს, საფრანგეთიდან დაებრუნებინათ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ერთ დროს გავლენიანი ქალიშვილის, გულნარა ქარიმოვას მიერ საზღვარგარეთ გატანილი 10 მილიონი დოლარის აქტივები. „ეს სახსრები ჩარიცხულია უზბეკეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე და გამოყენებული იქნება საერთო წესით“, - ნათქვამია უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობაში. გულნარა ქარიმოვა 2014 წელს, როცა მისი მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ქვეყანას მართავდა, ტაშკენტში შინაპატიმრობაში მოათავსეს. 2017 წელს ქარიმოვას 10 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, მაგრამ რამდენიმე თვეში მისი სასჯელი შინაპატიმრობით შეცვალეს და ხუთ წლამდე დაიყვანეს. გასული წლის მარტში ის ციხეში მოათავსეს შინაპატიმრობის პირობების დარღვევის ბრალდებით. ცოტა ხნის წინ ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილს უზბეკეთის სასამართლომ კიდევ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ 18 მარტს განაცხადა, რომ ქარიმოვა დამნაშავედ იქნა ცნობილი გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში, სხვათა საკუთრების გამოყენებასა და ფინანსურ და სხვა დანაშაულებში და იმავე დღეს, კიდევ ხუთ განსასჯელთან ერთად, პატიმრობა მიესაჯა. უზბეკეთის სამართალდამცველი უწყებების ცნობით, გრძელდება უცხოელ კოლეგებთან ერთად მუშაობა აშშ-იდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან და სხვა ქვეყნებიდან ქარიმოვას კუთვნილი აქტივების დასაბრუნებლად. საუბარია დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის აქტივებზე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge