დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს" - მიხეილ სააკაშვილი 15.09.2020 11:20

 

ამერიკულ ჟურნალ «The American Spectator»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ერთხელ შფოთის ამტეხი ყოველთვის შფოთისთავია: მიხეილ სააკაშვილი“, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის საქმიანობას ეხება. პუბლიკაციაში ასახულია აგრეთვე მისი ამერიკელი მფარველ-დამხმარეთა ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული (ავტორი - ბრაიან მაკნიკოლი).


გთავაზობთ სტატიის შინაარსს:


მიხეილ სააკაშვილის თქმით, „საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს და თუ ასეთი მთავრობა 100 დღეში არ დაემხობა, ქვეყანა არსებობას შეწყვეტს... ჩვენ საქართველო უფსკრულიდან უნდა ამოვიყვანოთ“. მაგრამ განა საქართველო უფსკრულშია? საქართველო რუსეთს თანდათან შორდება როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ბოლო ათწლეულში, ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში მე-12 ადგილი აქვს დაკავებული, მსოფლიო ბანკი მას „სანიმუშო რეფორმატორს“ უწოდებს, აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან, ასევე დიდი წვლილი შეაქვს  ალიანსის სამშვიდობო მისიების განხორციელებაში...


საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დასავლეთთან ახლოს იყოს და არა რუსეთთან. მიხეილ სააკაშვილმა ეს ყველაფერი კარგად იცის. ჰოდა, ასეთ სიტუაციაში რა არ მოსწონს მას და რა აქვს ჩაფიქრებული?


აშკარაა, რომ საქართველოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, წინამძღოლს ეძებენ, რადგან ქვეყნის დღევანდელი მთავრობის პირობებში ისინი ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ. სწორედ ამიტომ წამოაყენეს მათ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც იმედი აქვს, რომ უკრაინიდან სამშობლოში 31 ოქტომბრის შემდეგ დაბრუნდება, არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვების შემდეგ. „მაგრამ არ მინდა არეულობის ფონზე დავბრუნდეო“,- ამბობს იგი.


ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, შფოთისთავია, რევოლუციების მოყვარული. საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს მას დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო, რისთვისაც მთელი ქართული სახელმწიფო უმკაცრესად დაისაჯა.


დატოვა რა საქართველო კორუფციის ბრალდებებისა და სხვა დანაშაულებების გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა, მისთვის თავშესაფრად უკრაინა იქცა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თანამდებობაზე, მაგრამ იგი თავის „მეგობარს“ აუმხედრდა და ოპოზიციაში ჩაუდგა... დღეს, პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის დროს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს აკეთებს, ზელენსკი კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით არ გამოდისო.


სამწუხაროდ, [საქართველოს ხელისუფლებისათვის] პრობლემების შექმნაში მიხეილ სააკაშვილის პარტნიორად ის ორგანიზაცია გახდა, რომელიც მჭირდოდ არის დაკავშირებული ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ მაკკეინის სახელთან. სენატორი ჯონ მაკკეინი ცნობილი იყო თავისი სკანდალურობით და კონფლიქტების მიმართ სიყვარულით. გავიხსენოთ, რომ აწ განსვენებული არიზონელი სენატორი თვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ცდილობდა კომპრომატების ძიებას.


ჯონ მაკკეინი უკვე ცოცხალი აღარაა, მაგრამ სენატორის საქმეს აგრძელებს რენდ შუნემანი - მისი ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში. იგი ამჟამად არის აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე და იმავდროულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ამერიკაში, რომელიც ასევე გამოდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც. რენდ შუნემანი მიხეილ სააკაშვილის რწმუნებულიცაა აშშ-ში. და ისევე როგორც ჯონ მაკკეინის შემთხვევაში, მისი საქმიანობაც საკმაოდ წინააღმდეგობრივია.


რენდ შუნემანი საქართველოზე დიდი ხანია მუშაობს - ჯრ კიდევ სენატში ყოფნის დროიდან. იგი ასევე ითვლება ჯორჯ სოროსის ლობისტად, რომლის „ღია საზოგადოების“ ფონდის იურისტებთან და წამყვან თანამშრომლებთან ერთად „სედონის ფორუმშიც“ მონაწილეობდა - ასე უწოდებენ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ მეცნიერთა ყოველწლიურ შეხვედრას.


ბოლო დროს რენდ შუნემანი თითხნის გამოკითხვების ისეთ შედეგებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ქართველები თავიანთ მთავრობას არ ენდობიან და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ საშინლად პესიმისტურად არიან განწყობილნი. რენდ შუნემანს მეოთხედი მილიონი დოლარის კონტრაქტი აქვს დადებული ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც ცდილობს ნეგატიურად წარმოსახოს სიტუაცია და ნულამდე დაიყვანოს ქვეყნის მიერ ბოლო ათწლეულში მიღწეული პროგრესი.


ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წყლის ამღვრევას აგრძელებს, არავის არ უნდა გაუკვირდეს. თავისი ქარიზმატულობის მიუხედავად, მან ვერსად ვერ მოახერხა ყოფილ „მეგობრებთან“ (ხელმძღვანელებთან) ურთიერთობა - ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში. თავისი ფეთქებადი ტემპერამენტის  და, რბილად რომ ვთქვათ, აზროვნების სპონტანური სტილის გამო მასთან თავის დროზე მკაცრი საუბარი მოუწია პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის მრჩეველს კონდოლიზა რაისს: 2008 წელს რუსეთთან მომხდარი კონფლიქტის წინ კონდოლიზა რაისი იძულებული გახდა ეთქვა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ ნატო საქართველოს მხარს არ დაუჭერს რუსეთთან ომშიო.


ის, რომ რენდ შუნემანი ცდილობს იმ ქვეყნის ძალისხმევა გააფერმკრთალოს, რომელიც თავისუფლების გამტკიცებისთვის იბრძვის, ეკონომიკის განვითარებისათვის და დასავლეთთან დაახლოებისთვის, ებრძვის კორუფცია - ეს ისეთი მომენტია, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ,  იმედის გაცრუებას იწვევს. თუმცა ეს გასაკვირი არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ყველაფერი სათავეს მაკკეინის ორგანიზაციაში იღებს.


წყარო: https://spectator.org/saakashvili-once-a-troublemaker-always-a-troublemaker/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ