20:42 15.09.2020
„ოპოზიციურმა სპექტრმა ორი ცივი შხაპი მიიღო - პირველი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, მეორე, კი გორბის კვლევები“
ამირან სალუქვაძის პოსტი:
ამ დღეებში მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ორი ცივი შხაპი მიიღო. პირველი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის, მეორე კი გორბის კვლევების სახით.
პირველის შესახებ დავწერე და გავაგრძელებ ნაწილ-ნაწილ თარგმანის გამოქვეყნებას. ე.წ. მთავარმა ოპოზიციამ ასობით ათასი გადაიხადა, რათა საქართველოსთვის, მათ შორის თავდაცვის ხაზით დაფინანსება შეეწყვიტათ და სხვა სანქციებისთვის მიეღწიათ. ჩაუვარდათ. მხოლოდ დაფინანსების 15% შეაჩერეს მაიკ პომპეოს ანგარიშის წარდგენამდე. როგორი ანგარიში გამოქვეყნდა, დავინახეთ. სახელმწიფო დეპარტამენტი, ფაქტიურად, საქართველოს საინვესტიციო კლიმატს რეკლამას უწევს. მოკლედ, ანგარიშიც ჩაუვარდათ. ასეთი ანგარიშით იმ 15%-საც გაალღობენ და ზემოდანაც დაამატებენ. ანგარიშს არ იმჩნევენ. არადა, უარყოფითი რომ ყოფილიყო, ცას ჩამოაქჩევდნენ და მიწას გახეთქავდნენ.
არც გორბის კვლევას იმჩნევენ. ზოგი არ სცნობს, ზოგი ამბობს, დაახლოებით მასეა, მაგრამ მეტ ხმას ავიღებთო. ელოდეთ. ცოტა დრო დარჩა. ოპოზიციის მიერ ჩატარებულ კვლევებშიც კი, ოცნება 2,5-ჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ენმ-ს. საოცრებაა, NDI-მ კვლევა გამოაქვეყნა, ოღონდ პარტიების რეიტინგების გარეშე. ეს იგივეა, ვაგზალზე მატარებლების მოძრაობის განრიგი გამოფინო რეისების და დროის მითითების გარეშე: დღეს თბილისიდან 10 მატარებელი გავა და 11 შემოვა. არჩევნებია 1 თვეში და რაღაც ბუტაფორიული კვლევა დაგვიდეს. თურმე, მოსახლეობის ლამის 2/3 ფიქრობს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. ამით ვერც კი მიხვდნენ, რომ ხელისუფლების წისქვილზე ერთი დიდი ვედრო წყალი დაასხეს. თუ 2/3 ასე ფიქრობს, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ე.ი. ხელისუფლების კეთილსინდისიერების სჯერათ და ენდობიან.
ახლა გადავიდეთ გორბის კვლევაზე. კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 გამოკითხული, ანუ 80%, არაა ჩამოყალიბებული ვის აძლევს ხმას, თუმცა მათთან დამატებითი ჩაკითხვებით, განწყობები გამოკვლეული იქნა. საბოლოოდ დაიდო ის შედეგები, რაც ვიხილეთ. ვიღაცას სჯერა რომ ქართულ ოცნებას 56,3%-ანი რეიტინგი აქვს, ვიღაცას არა. თქვენი ნებაა. ვისაც გორბის არ გჯერათ, ოპოზიციის კვლევის ხომ გჯერათ? ხომ იცით რატომ დაუწერეს 39%? ნაკლების დაწერა არ გამოდიოდა, ალბათ, რეალურად მეტი იქნებოდა. მეტის დაწერა კი არ აწყობდათ. მთავარი იყო ეჩვენებინათ, რომ ახალი კანონით 40%-ანი ე.წ. ჩამკეტის გადალახვა, დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება არ შეუძლია. იმ დროს გაკეთებული კომენტარებიც ამაზე მეტყველებს. თუმცა, ფორმულას კვლევითაც, დანარჩენ ოპოზიციას 41% (სიმბოლური ციფრია) ჰქონდა, 20% კი გადაუწყვეტელი იყო და მათი განწყობები არ გამოუკვლევიათ, რაც არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ უბრალო გამოკითხვაა.
მოკლედ 2 მოცემულობაა: ტვ ფორმულას და სხვა კვლევებით 39% და ტვ იმედის 56,3%. უბრალოდ, გლეხურად, შუალედიც რომ ავიღოთ, მაინც იმ სურათს ვიღებთ, რომ პირველ ადგილზე მყოფი ოცნება, რამდენჯერმე უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ნაცმოძრაობას და მაჟორიტარების გათვალისწინებით, მთავრობის ფორმირებასაც შესძლებს. პარტიათა უმეტესობის რეიტინგი კი სოციოლოგიური კვლევის ცდომილების ფარგლებშია და სულაც არ ნიშნავს, რომ 1%-ან ბარიერს გადალახავენ.მიზეზებს, თუ რატომ მივიდა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე, არ აღიარებთ, ვიცი. ამას მარტივი მიზეზი აქვს, ბევრჯერ დავწერე, - ოპოზიციური პარტიები მათი ლიდერების მძევლობაშია, პოლიტიკური საქმიანობა, პარტიებიანად, ლიდერების (ლიდერობის რა გითხრათ?!) კერძო კომერციული საქმიანობაა. მე დაგიწერთ მიზეზებს, თუმცა 2018 წლის ზაფხულიდან პირველად არ ვწერ და ვამბობ. მოსახლეობას არაფერს სთავაზობთ ნეგატივის, დაძაბულობის, სიძულვილის და ზიზღის ენის გარდა. მეტიც, პოლიტიკური ბრძოლა გერევათ და საკუთარ ქვეყანას, მოსახლეობას ებრძვით.
ხალხი იმახსოვრებს ოპოზიციის აქტივობებს ევროსტრუქტურებში, განსაკუთრებით ასოცირების, თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმების ხელშესაშლელად. ამერიკის სახელისუფლებო კულუარებში საქართველოს საწინააღმდეგო ლობისტურ საქმიანიბაზე უკვე დავწერე. ყველა ზღვარს გადააჭარბეთ, როცა ორჯერ სცადეთ საქართველოს ჩათრევა აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში. არ ვიცოდე მაინც, რასაც სხვას უსაფუძვლოდ აბრალებდით, თავად რა გაქვთ ნაკეთები?! როგორ იქცეოდით პანდემიის დროს? ხან სასწრაფო დახმარების მანქანებს უვარდებოდით, ხან ექიმებს ესხმოდით თავს, მერე შემორიგება სცადეთ, შემდეგ ისე იერიში მიიტანეთ, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ექიმების მეშვეობით და ა.შ.
როგორ იყენებთ წელს მომხდარ ტრაგედიებს? ამ თემაზე მსჯელობაც კი არ მსურს, არ ერიდებით არც ერთ-ერთი მოკლულის ოჯახს, არც მეორე გარდაცვლილის სახელს. თითქოს სცადეთ ბოდიშის მოხდა, ალბათ გაითვალისწინეთ ჩვენი მოსაზრებები, რომ "ბოდიშსაც არ.იხდიან" მეთქი, როცა ვწერდით. რანაირი ბოდიში იყო, დაინახა ხალხმა. სანამ არ ჩამოწერთ რას უწოდეთ შეცდომა და რომელ ფაქტს მძიმე შეცდომა, თქვენი ბოდიშები არც განიხილება. ამასაც უკვე მეორედ ვწერ. ბოლო ფაქტი, რესპუბლიკელების და ერთკაციანი პარტიების ისევ ნაცმოძრაობაში გაერთიანება მეტყველებს, რომ პარტიებს არ გააჩნიათ არათუ იდეოლოგია, არამედ პრინციპულობა. შეუძლიათ ოცნებასთან გაერთიანდნენ ენმ-ის დასამარცხებლად, ხან ენმ-ს უერთდებიან ოცნების დასამარცხებლად. ენა ისე აქვთ ალესილი, ყველაფრის გამართლებას ახერხებენ. კომენტარებს ვუსმინე. რთული მოსასმენია, ისეთ ბოლს უშვებენ...
ეკონომიკურად დასაბუთებულ, ბიუჯეტის შესაძლებლობებზე მორგებულ პროგრამებს ისევ არ აქვეყნებთ, აგრძელებთ ლოზუნგების და ცრუ დაპირებების გავრცელებას, თუმცა ამ თემას, ალბათ, ცალკე პოსტს დავუთმობ, უნდა შევაგროვო ეს უაზრო დაპირებები.
ასე რომ, რეიტინგების ვარდნა ოპოზიციის მცდარი, სიცრუესა და ნეგატივზე აგებული სტრატეგიის ბრალია. ნეტა, რამდენი არჩევნები უნდა წააგოთ, რომ პარტიებმა შიდა განახლებებზე იფიქროთ?!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge