მოსახლეობის 25% ფიქრობს, რომ ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დავით ბაქრაძე უნდა იყოს 15.09.2020 22:16

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 25% ფიქრობს, რომ ოპოზიციის კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს. კითხვაზე, თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, პასუხები შედეგების მიხედვით ასე ნაწილდება:

 

დავით ბაქრაძე - 25%; გიორგი ვაშაძე - 19%; გრიგოლ ვაშაძე - 18%; მიხეილ სააკაშვილი - 15%;

 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა „ქართული ოცნების“, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ფიქრობს.

 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/