23:20 15.09.2020
„ჩვენი მიზანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ცვლილებები ორ მნიშვნელოვან საკითხს - უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირდება. შეხვედრაზე დამსწრეთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე, რეკომენდაციებსა და წინადადებებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამი ძირითადი საკითხი განიხილეს, რომლებიც გასაჩივრებას, დასაბუთებას და კენჭისყრას უკავშირდება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯელობის შედეგად, მოხდა პოზიციების გარკვეულწილად დაახლოება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაიგეგმოს მომდევნო შეხვედრაც, სადაც პოზიციების საბოლოო შეჯერება მოხდება.

 

„კომიტეტის სხდომაზე ჩვენ პირველი მოსმენით განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს, იმ დათქმით, რომ ის საკითხები, რომელიც ამ ფორმატში არის განხილვის საგანი ჯერ კიდევ ღიად არის დატოვებული და ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის დროს, მას შემდგომ, რაც ჩვენ ამ ფორმატის ფარგლებში უკვე შევაჯერებთ პოზიციებს, ამის შემდგომ გავიტანთ მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოსმენით განხილვისთვის, სადაც უკვე საერთო შეჯერებული პოზიციები გვექნება და მჯერა, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ჩვენს დამოკიდებულებას, რომ ჩვენი მიზანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო დავხვეწოთ, თუ არის დასახვეწი ნორმები საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პროცესთან დაკავშირებით და ჩვენ ამის მზაობა გვაქვს“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge