13:42 16.09.2020
„საქართველო "მწვანე ზონაში" რჩება“- არჩილ თალაკვაძე

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პანდემიის პირობებში ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე განცხადება გააკეთა.

 

„საქართველო რჩება "მწვანე ზონაში" და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემია და პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას გამოეხმაურა.


"ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როცა საბჭოს სხდომა არა ესპანეთში, არამედ მის გარეთ იმართება და ამ შემთხვევაში, საქართველო არის ის ადგილი, რომელიც მას მასპინძლობს. გვეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი მაღალი ნდობა. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქმიანი და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ასევე იმითაც, რომ საქართველომ, გლობალური პანდემიის პირობებშიც დაამტკიცა, რომ ჩვენ საფრთხეების მართვა შეგვიძლია და რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა.  ჩვენი მიზანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ეკონომიკის სტაბილიზაცია, მისი აღდგენა. სწორედ ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომის გამართვას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა გაიხსნა.

 

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge