13:42 16.09.2020
ნაზი ჯანეზაშვილი: "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, ვერ პასუხობს, ვენეციის კომისიისა და ეუთს რეკომენდაციებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  წევრისთვის ნაზი ჯანეზაშვილისთვის ომბუდსმენის შეფასება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით, მისაღებია.

 

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, მათი რეკომენდაციები საკმაოდ მრავლის მომცველი და კომპლექსურია. ძალიან ბევრ დეტალსა და პრობლემურ თემას ეხება.

 

„პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციები არ მიიღო მხედველობაში. ვფიქრობ, რომ ამოგლეჯილად და კონტექსტიდან ამოვარდნილად გაითვალისწინა მცირე ცვლილებები. ეს არაფერს შეცვლის,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 

მისი თქმით, ეუთოს რჩევები და დასკვნები, რომელიც  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს გამოიტანეს, ძალიან ბევრის მომცველი და მასშტაბური იყო.

 

„პარლამენტს თუ უნდოდა ცვლილებები, სიტყვა სიტყვით უნდა გაეთვალისწინებინა. ყოველ  შემთხვევაში რეკომენდაციების არსი გაეგო, იმის, თუ რატომ გვირჩევენ. ესენი კი ამოგლეჯილად მხოლოდ იმ ნორმებს იღებენ, რომელიც აწყობთ,“ -აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“

 

შეგახსენებთ, რომ  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ივლისში დარეგისტრირდა. ახლა პროექტის ინიციატორები მის დაჩქარებულ განხილვას ითხოვენ.

 

სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ არსებული ფორმით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ვერ დააკმაყოფილებს და არ იქნება შესაბამისობაში ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge