კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა 16.09.2020 13:56

 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს.


მათივე ცნობით, რეგიონში 209 კმ2 საერთო ფართობის მქონე შიდამასიური ტიპის ღრუბლის მასებმა  დაიწყო ჩამოყალიბება. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის 100 %-იანი ალბათობა იყო.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. მათი განეიტრალება 150 ერთეულამდე რაკეტით მოხერხდა.  


სარაკეტო დამუშავების შედეგად ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა, მცირე რაოდენობის სეტყვის მოსვლა სიღნაღის რაიონში სროლისთვის შეზღუდულ სექტორში დაფიქსირდა.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/