16:05 16.09.2020
ზარალიანი სეზონი: აჭარის ტურისტული დარგი სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვს

რუსეთის ტელეკომპანია „მირ-24“-ის («Мир-24») მიერ ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი სიტუაციის შესახებ, კერძოდ, აჭარაში ტურიზმის დარგის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. „ზარალიანი სეზონი: აჭარის ტურისტული დარგი სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვს“, - ასეთი სათაური აქვს ტელეარხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას, რომლის ავტორია ტელეკორესპონდენტი მიხეილ რობაქიძე.


პუბლიკაციაში გადმოცემულია აჭარის საკურორტო ქალაქ ქობულეთში გამართული აქციის მიზეზები: ადგილობრივმა მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა - სასტუმროების, მფლობელები სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვენ, რადგან მიმდინარე წელს კორონავირუსის გამო ტურისტული სეზონი ჩავარდა, შემოსავლები ფაქტიურად არ არის, შესაბამისად, საბანკო სესხების გადასახდელი თანხაც.


უცხოელი ტურისტები საქართველოში აღარ შემოდიან. აჭარაში ადგილობრივი - „შიდა ტურისტები“ ივლის-აგვისტოში კი ჩავიდნენ, მაგრამ რადგანაც მალე ეპიდემიის აფეთქება დაიწყო, დამსვენებლები იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ. ამის შედეგად ტურიზმს ათობით მილიონი დოლარი შემოსავალი დააკლდა - სასტუმროების გარდა, დაზარალდნენ კაფე-რესტორნები, დისკოთეკები, აგრეთვე გიდების (ექსკურსიამძღოლების) მთელი არმია.


ვიდეოსიუჟეტში აჭარაში ტურიზმის დარგის მდგომარეობაზე საუბრობენ ადგილობრივი მცხოვებლები - საოჯახო სასტუმროების მფლობელები ნონა მჟავანაძე, ნინო ანანიძე, აგრეთევ პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა დაეხმაროს და ბანკების წინაშე მათი დავალიანებას გადახედოს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე განაცხადა, რომ საკითხი განხილვის პროცესშია და ისე უნდა გადაწყდეს, რომ საბანკო სისტემა არ დაზარალდეს.


წყარო: https://mir24.tv/news/16426190/sezon-ubytkov-turisticheskaya-otrasl-adzharii-prosit-pomoshchi-u-gosudarstva

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge