17:33 16.09.2020
გურამ მაჭარაშვილისათვის გაუგებარია რატომ უნდა აირჩიოს მოსამართლედ უმრავლესობამ უმცირესობის კანდიდატი

საპარლამენტო  უმრავლესობისათვის  გაუგებარია რატომ უნდა მოხდეს  მოსამართლეების არჩევისას  ოპოზიციის  მოწონებული კანდიდატების  დამტკიცება. როგორც  რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ განსახილველი პროექტის კომენტირებისას განაცხადა, ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა მოსამართლის დამოუკიდებლობის  ხარისხის გაზრდა და საკანონმდებლო დონეზე  ამის ასახვა.

 „ჩვენ გავასაჯაროვეთ მოსამართლის დანიშვნის პროცედურა და ეს პროცესი პოზიტიურად  შეფასდა ოპონენტების მხრიდანაც. დღეს გასაჩივრების მექანიზმის დაზუსტება და  დასაბუთების ვალდებულების იუსტიციის  საბჭოსათვის მინიჭება ხდება. ჩვენ ვართ კანონის დახვეწის ეტაპზე და  ეს პროცესი გრძელდება“ -  განაცხადა  მაჭარაშვილმა.

პარლამენტი დღეიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან  დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას იწყებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები ფასადურია და ის ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის დამოუკიდებლობის  ზრდას, რაც სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება.

„ დახვეწა ნებისმიერ კანონს ჭირდება. ოპოზიციის ბრალდებები ფუნდამენტურ ცვლილებებზე, კერძოდ ის, რომ  უნდა  მოხდეს ოპოზიციის მიერ მოწინებული კანდიდატის არჩევა, გაუგებარია. პროცესი თუა კარგი და ამაზე ვთანხმდებით, ვის აირჩევს პარლამენტი ეს უმრავლესობს პასუხისმგებლობა და გადასაწყვეტია. ვერცერთ კანონში ვერ ჩავწერთ ავირჩიოთ ოპოზიციის ან სახალხო დამცველის  მოწონებული ან დაწუნებული კანდიდატი“ - განაცხადა „ჟორჯიან თაიმსთან“ საუბარში მაჭარაშვილმა.  




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge