დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მსოფლიო ბანკი - საქართველოს მომავლის უზრუნველსაყოფად, ადამიანურ რესურსში, მეტი კაპიტალის ჩადებაა საჭირო 17.09.2020 11:45

ს​აქართველოში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის  უზრუნველყოფის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლებლობის  57 პროცენტს მიაღწევს. მსოფლიო  ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსის განახლებული  ანგარიში,  მსოფლიოში პანდემიამდე პერიოდში არსებულ ადამიანური კაპიტალის განვითარებას აფასებს. საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის საერთო მაჩვენებელი ამ კვლევაში 0.57-ია.

„საქართველოს 2020 წლის ადამიანური კაპიტალის მაჩვენებელი მეტია საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემზე და ქვეყნის 2010 წლის მაჩვენებელზე (რომელიც 0.54-ს შეადგენდა)“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი არიან შესაძლებლობებით, რომლებიც საჭიროა მათი პროდუქტიულ ზრდასრულ ადამიანებად ჩამოსაყალიბებლად, რაც შესაძლებელი გახდა უწყვეტი ინვესტიციებით ჯანდაცვასა და განათლებაში მათი ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში, თუმცა, „კოვიდ-19“-ის პანდემია საფრთხეს უქმნის აქამდე მიღწეულ შედეგებს, რამდენადაც სახელმწიფოები ცდილობენ ჯანდაცვისა და განათლების სერვისების შენარჩუნებას დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის, სკოლების დახურვის პირობებში. ინფორმაციას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ადამიანური კაპიტალის ინდექსის 2020 წლის ანგარიშში შესული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 48 ქვეყნიდან 33 ქვეყანა შესულია მსოფლიოს ზედა მესამედში, და თითქმის ყველა მათგანი ზედა ნახევარშია მოქცეული. აღნიშნული შედეგები ძირითადად შეესაბამება რეგიონის შედარებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაჩვენებლებს. მდიდარ ქვეყნებს მეტი ინვესტიციის განხორციელება შეუძლიათ საბაზისო განათლებასა და ჯანდაცვაში ღარიბ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა, რეგიონის შიგნით მნიშვნელოვანი ვარიაციებიც გვხვდება. პოლონეთში დაბადებული ბავშვი, სრულყოფილი განათლების და ოპტიმალური ჯანმრთელობის პირობებში, ზრდასრულ ასაკში თავისი პროდუქტიულობის სავარაუდოდ 75 პროცენტს მიაღწევს, ხოლო ტაჯიკეთში დაბადებული ბავშვი კი მხოლოდ 50 პროცენტის რეალიზებას შეძლებს.

„ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა სწორად მიანიჭეს პრიორიტეტი ინვესტიციებს ჯანდაცვასა და განათლებაში, რომლებიც ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ძირითადი ფაქტორებია. თუმცა, „კოვიდ-19“-ით განპირობებული გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერ რეაგირებას მოითხოვს პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის, ტექნოლოგიების მეტად გამოყენებას მომსახურების მიწოდების გასაუმჯობესებლად და სოციალური დაცვის პროგრამების გასაძლიერებლად, ადამიანების მიერ ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის მიღების უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ.

„საქართველომ  ადამიანური  კაპიტალის  პროექტი ადრეულ  ეტაპზევე დანერგა და თანმიმდევრულად ცდილობს თავისი მომავალი თაობების კეთილდღეობის ამაღლებას. ადამიანური კაპიტალის განვითარება კომპლექსური საკითხია და როგორც ვხედავთ, წინ მიმავალი გზა აღსავსეა გამოწვევებით, მაგრამ ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობის სამი ათეული წელი გვიჩვენებს, რომ ერთად ნებისმიერი გამოწვევის დაძლევას შევძლებთ. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მსურს, გამოვხატო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარების რეფორმის მიმართ. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი საქართველოს შედეგების გასაუმჯობესებლად განათლების მიმართულებით და მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გრძელვადიანი შედეგების გასაუმჯობესებლად, რათა ძლიერი საფუძველი მოვამზადოთ მომავალი წარმატებებისთვის“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

წლევანდელ ანგარიშში შესულია 103 ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარების მაჩვენებლების ანალიზი 2010-დან 2020 წლამდე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ცნობით, ალბანეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი გლობალურად 10 წამყვან ქვეყანას შორის არიან, რომელთაც პროგრესს მიაღწიეს ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით.

„მსოფლიო ბანკი დახმარებას უწევს სახელმწიფოებს გრძელვადიანი გადაწყვეტების შემუშავებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს გაცილებით მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური სისტემების ფორმირებას პანდემიის შემდგომ პერიოდში. აღსანიშნავია თანამშრომლობა უკრაინასთან, სადაც მსოფლიო ბანკი აძლიერებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირების ღონისძიებებს „კოვიდ-19“-ის მიმართ, გადაუდებელი დახმარების ცენტრებისა და 40 საავადმყოფოში ინსულტის განყოფილებების მოდერნიზაციისა და ათასობით უკრაინელი ექიმის ტრენინგის ჩათვლით. თურქეთში მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს ტელევიზიისა და ციფრული კონტენტის განვითარებას შერეული სწავლებისა და სწავლისთვის, როდესაც სკოლები გაიხსნება“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოში მსოფლიო ბანკი დახმარებას უწევს ორ პროექტს, რომლებიც კრიტიკული მნიშვნელობისაა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის: პირველია პროექტი სახელწოდებით „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“, რომელიც მიმართულია სკოლამდელ და მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებაზე წვდომის გაზრდისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისკენ; და მეორე პროექტია Log-in Georgia, რომელიც მიზნად ისახავს სწრაფი და ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას სოფლად და შორეულ რეგიონებში მცხოვრები დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც შეძლებენ ისეთ სერვისებზე წვდომას, როგორებიცაა ელექტრონული სწავლება და ტელემედიცინა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში.

„ზოგადად, ჯანდაცვის შედეგები ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შედარებით კარგია გლობალური სტანდარტების მიხედვით. გასული 10 წლის განმავლობაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ მიმართულებით არსებითი გაუმჯობესება აჩვენეს აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და თურქეთმა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა განვითარების შეფერხების მაჩვენებლები, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბანეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და თურქეთში.
ზრდასრული ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა და საუკეთესო შედეგები ამ მიმართულებით აჩვენეს ყაზახეთმა, რუსეთმა და უკრაინამ. თუმცა, რამდენიმე ქვეყანაში ზრდასრული ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ მაღალი რჩება.

რეგიონის ძირითადი შედეგები განათლების მიმართულებით შერეულ სურათს წარმოგვიდგენს, მიუხედავად მისა,რომ რეგიონს კარგი მაჩვენებლები აქვს გლობალური სტანდარტების მიხედვით. გასული ათწლეულის განმავლობაში, სასკოლო განათლების წლების რაოდენობა გაიზარდა, აზერბაიჯანის, ალბანეთის, მონტენეგროს, პოლონეთისა და რუსეთის მიერ უდიდესი სარგებლის მიღებით ძირითადად საშუალო სკოლებში და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ჩარიცხვის მაჩვენებლის ზრდის გამო. თუმცა, სასკოლო წლების რაოდენობა შემცირდა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორისაა ბულგარეთი, მოლდოვა, რუმინეთი და უკრაინა.

ზოგადად გასულ ათწლეულში რეგიონის მასშტაბით განათლების ხარისხი არ გაუმჯობესებულა. ქვეყნებს, რომლებმაც განათლების ხარისხის კლება აჩვენეს,მიეკუთვნებიან ბულგარეთი და უკრაინა. ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებმაც გააუმჯობესეს განათლების ხარისხი მიეკუთვნებიან ალბანეთი, მოლდოვა და მონტენეგრო“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გლობალურად ადამიანური კაპიტალის ინდექსის ანგარიში ასევე აღნიშნავს მონაცემების უკეთესად გაზომვის საჭიროებას, რაც პოლიტიკის შემმუშავებლებს მისცემს დახმარების სწორად მიმართვის შესაძლებლობას იმ პირებზე, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.

„მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსი აკვირდება ბავშვის ზრდას დაბადებიდან 18 წლის ასაკამდე, ისეთი ელემენტების გათვალისწინებით,როგორებიცაა ხუთი წლის ასაკის მიღწევის ალბათობა (დაბადებიდან ხუთ წლამდე); ხარისხით კორექტირებული დაწყებითი და საშუალო სასკოლო განათლების წლების რაოდენობა; შეუფერხებელი განვითარების მაჩვენებელი; ხანდაზმული ასაკის მიღწევის მაჩვენებელი. ადამიანური კაპიტალის ინდექსი (HCI) 2020 ამ წლის მარტამდე მონაცემების საფუძველზე პანდემიამდე პერიოდის საბაზისო მაჩვენებელს იძლევა, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვისა და განათლების პოლიტიკასთან და ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის შემდგომ აღდგენით პერიოდში“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ