ელენე ხოშტარიამ ეთნოგრაფიულ მუზეუმში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ჩაატარა. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.
„პირველი პირობა, რომელსაც მე დღეს დავდებ არის ის, რომ ვიქნები ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი პარლამენტში,ვისაც ეს დასჭირდება და არა მხოლოდ მათი, ვინც მე ამირჩევს - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. კანდიდატმა ერთპიროვნულ მმართველობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა მრავალფეროვანი ძალაუფლება. „ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა მკაფიო არჩევანი, ჩვენ გვინდა არა ერთპიროვნული, არამედ მრავალფეროვანი და გადანაწილებული ძალაუფლება. სწორედ ამიტომ, ადამიანებმა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იბრძოლეს პროპორციული არჩევნებისთვის“, - განაცხადა ხოშტარიამ
ელენე ხოშტარიამ სიღარიბის დაძლევის გზებზეც ისაუბრა. „სიღარიბის დაძლევა არ ხდება ფულის ჩამორიგებით, სიღარიბეს დავძლევთ სამუშაო ადგილების შექმნით, ამისთვის კი საჭიროა მყარად დაცული კერძო საკუთრება, ინვესტიციების მოზიდვა, დაბალი გადასახადები, განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“,-აცხადებს კანდიდატი. ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება იქნება და აღნიშნა, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობა.
„არ არსებობს სახელმწიფო ადამიანის გარეშე, ხოლო ადამიანის ღირსება მუდმივად საფრთხეშია ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე. როგორც თქვენი მხარდამჭერი პარლამენტში, მე მუდმივად ვიბრძოლებ ცალკეული ადამიანების, უმცირესობების, ჩაგრული ჯგუფების უფლებებისთვის და მთავარი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის არის ძლიერი სასამართლო“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თემა, რომელზეც დეპუტატი მუშაობას აპირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაა. ელენე ხოშტარიას გეგმით, თბილისში ყველა ოლქს ეყოლება არჩეული გამგებელი და საბჭო, ადგილობრივი გადასახადები კი დარჩება ადგილზე, რაც რაიონებს ცენტრისგან დამოუკიდებლობის საშუალებას მისცემს. ხოშტარიამ ვრცლად ისაუბრა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, დევნილების უფლებების დაცვასა და საოკუპაციო სოფლებში მცხოვრებ ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვის მნიშვნელობაზე. „წლებია იძულებით გადაადგილებული პირები მოწყვეტილები არიან საკუთარ მიწას და სახლებს. საოკუპაციო ხაზთან ადამიანები მუდმივი შიშის პირობებში ცხოვრობენ. ჩვენ ისტორიულად და ცივილიზაციურად გვაქვს გაკეთებული არჩევანი, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. ჩვენი პოლიტიკური თაობის ვალია ამ არჩევანის აღსრულება, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება“,- აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge