„რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი, მაგრამ გზების მშენებლობა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განუცხადა და დასძინა, რომ მამისონის უღელტეხილზე, ეს გზა, რეალურად ჩრდილოეთსა და სამხრეთს ერთმანეთთან აკავშირებს და მას მხოლოდ ჩვენ არ ვიყენებთ:
„გასაგებია, რომ რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი და ეს იცის მსოფლიომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს მათთან სავაჭრო ურთიერთობა, თუმცა, ამას თავად ბიზნესიც კარგად აცნობიერებს და სახელმწიფო მხოლოდ ეხმარება მათ“, - განაცხადა სალუქვაძემ და დასძინა, რომ ერთის მხრივ, საუბარია მთიან რეგიონებში მოსახლეობის გამაგრების აუცილებლობაზე, მეორეს მხრივ კი, იქ გზების გაყვანას ვეწინააღმდეგებით.
„ეს მოსაზრებები ურთიერთგამომრიცხავია. თუ არ იქნება გზა, არ იქნება ინტერნეტი და სხვა ბევრი სიკეთე, რაც თანამედროვე ცხოვრებას ახლავს. თუ გვსურს, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ სოფლებს, მთიან რეგიონებს, - რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, - გზების გაყვანაც აუცილებელია“, - განაცხადა სალუქვაძემ და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებაში დაადანაშაულა:
„მე აქ უფრო თემით სპეკულირებას ვხედავ, რათა, ოპოციზიამ ხელისუფლებას პრორუსული ინტერესების გატარება დააბრალოს“.
ამირან სალუქვაძემ პოლიტიკურ ძალებს ერთგვარი რჩევასაც მისცა:
„პოლიტიკურ ძალებს, - ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია, ვურჩევდი, რომ ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე, ერთობლივად იმსჯელონ. მათ მედიასთან არ უნდა აკეთონ სპეკულაციის შემცველი განცხადებები. სწორედ ამისთვის არსებობს პარლამენტი, რომ დასხდნენ და ასეთი თემები, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით განიხილონ“, - აღნიშნავს ის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge