დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

,,რბოლა რევანშის მიზნით: დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში“ 18.09.2020 17:35

 

აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „რიჯენ პლუს“-ში («Region Plus») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რბოლა რევანშის მიზნით: დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში“. პუბლიკაციაში წინასაარჩევნო სიტუაციაა გაანალიზებული.

პუბლიკაციის ავტორია ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ტოფიგა კასიმოვა, ფსევდონიმით ნურანი.

 

„საქართველოში წინასაარჩევნო რბოლა ჩქარდება - 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. უკვე პირველი სენსაციაც მოხდა - რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერის თანამდებობაზე უცხოეთის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა დაასახელეს. თავად ექს-პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და მზადაა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს.

 

მიხეილ ნიკოლოზოვიჩს თავისი მხარდამჭერების გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ როგორი შანსებია რევანშისათვის?“, - წერს ავტორი და იქვე საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ხელისშემშლელ გარემოებებზეც. ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული,იგი მსჯავრდებულიცაა რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეც. მოკლედ, მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ ციხე ელოდება და როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, „პატიმრობის კარგი პირობებით“.

 

ამასთან, ავტორი აღნიშნავს: „ობიექტურობას თუ დავიცავთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა ოპოზიციურ ბანაკშიც ყველას არ სურს, მაგრამ რა ქნან, როცა მისი მსგავსი ქარიზმატული ლიდერის სხვა არის? აშკარაა, რომ არჩევნებზე  მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს“.

 

სტატიაში ავტორი  მიხეილ სააკაშვილის დადებით თვისებებზე და მის მიერ გაკეთებულ პოზიტიურ საქმეებზეც საუბრობს: „ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? იგი ცნობილი და ნათელი ფიგურაა, იგი რევოლუციის ბელადი და გამარჯვებულია, ქართული რეფორმების ავტორი. იგი დღეს საქართველოს საზღვრებს გარეთ „პოლიტიკურ კერპად“ და „გენიალურ რეფორმატორად“ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლად არის შეფასებული.

 

მიხეილ სააკაშვილს დიდი ავტორიტეტი აქვს როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში: მოსახლეობას ახსოვს, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო ნოვრუზ-ბაირამის აღნიშვნა, სწორედ მან გააღრმავა ურთიერთობები თბილისსა და ბაქოს შორის.

 

„აზერბაიჯანი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა და არ ცდილობს საარჩევნო კამპანიის ფონზე „ფავორიტების“ შერჩევას, რათა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა შიდაპოლიტიკური პროცესების მძევალი არ გახდეს... როგორ განვითარდება სიტუაცია, ექსპერტებისთვის ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების წარმატება სახეზეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ რეფორმების გატარებით საქართველოს მოსახლეობის მატერიალური დონე არ მომატებულა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ მიხეილ სააკაშვილს მოწინააღმდეგეები მოუმატა. და ბოლოს, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ქართულ არჩევნებში არცთუ ისე უმნიშვნელო როლს შეასრულებს „რუსული ფაქტორი“.

 

„რა თქმა უნდა, 2008 წლის ომის გათვალისწინებით, პარლამენტის არჩევნებში აშკარად პრორუსული ძალების გამარჯვება გამორიცხულია, მაგრამ ადგილობრივ პოლიტიკაში არიან ისეთის პარტიები, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“, რომელშიც ნატოს წინააღმდეგ გამოდიან და რეგულარულად მიმართავენ ანტი აზერბაიჯანულ და ანტითურქულ პროვოკაციებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

„ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნებაც“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობენ იმიჯი შეიცვალონ, განსაკუთრებით „ნაციონალები“ და უკრაინაში მყოფი მათი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ტელევიზიით გამოსვლისას ამომრჩევლების წინაშე ჩადენილ შეცდომებს ინანიებს.

 

იმავდროულად მმართველ პარტიას კოზირები ელევა - სწრაფად ქრება მისი წარმატებული ბრძოლის ეფექტი კორონავირუსის წინააღმდეგ. ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა. ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებს არაპროგნოზირებადს ხდის“, - აღნიშნავს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.

 

წყარო: http://regionplus.az/ru/articles/view/7190

 

 

ავტორ(ებ)ი : სიმონ კილაძე

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ