გამოუცხადებს თუ არა ევროკავშირი სანქციებს ბელორუსს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და საპროტესტო აქციების უმკაცრესად დარბევის გამო? პოლიტიკური ლოგიკის მიხედვით, თითქოს ეს საკითხი უკვე დადებითად უნდა გადაწყვეტილიყო,თუმცა როგორც ჩანს ლუკაშენკო ,,დასჯას’’ გადაურჩება.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ («The Guardian») წერს, სტატიაში სათაურით „ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები კითხვის ნიშნის ქვეშაა: კვიპროსი პარალელურად თურქეთის დასჯასაც ითხოვს“
გასულ კვირას ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების სხდომაზე (ელჩების დონით) ბრიუსელში კვიპროსის ელჩმა ვეტო დაადო დადგენილების პროექტს, რომელიც მიმართულია ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ. დღეს კი, 21 სექტემბერს, როცა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა უნდა გაიმართოს იგივე საკითხზე, კვიპროსს ჯერჯერობით თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია. თუ ნიქოზია მინისტრების სხდომაზეც გაჯიუტდება, მაშინ ევროკავშირის გეგმები წყალში ჩაიყრება - ბელარუსის დიქტატორი კი დაუსჯელი დარჩება. ევროკავშირის გადაწყვეტილება ხომ ძალაში კონსენსუსით შედის - თვით პატარა და სუსტ კვიპროსსაც კი შეუძლია წინ აღუდგეს დიდი და ძლიერი წევრების სურვილს.
რატომ გამოდის კვიპროსი ევროკავშირის დანარჩენი წევრების პოზიციის წინააღმდეგ?
საქმე იმაშია, რომ ნიქოზია განაწყენებულია იმით, რომ ევროკავშირმა მას მხარი არ დაუჭირა თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციების დაწესებაში. ანკარა კვიპროსისა და საბერძნეთის ტერიტორიის ახლოს ხმელთაშუა ზღვის შელფზე ნავთობ-გაზის საბადოების ძიებას აგრძელებს და სამომავლოდ მათ ექსპლოატაციას გეგმავს, რაც, ნიქოზიისა და ათენის აზრით, საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
როგორც ერთ-ერთმა კვიპროსელმა დიპლომატმა „გარდიანს“,ანონიმურად განუცხადა ნიქოზია თანახმაა, სანქციების დაწესებაზე, მაგრამ სურთ, რომ ეს ორი პროცესი პარალელურ რეჟიმში გაიმართოს. „გარდიანი“ ესაუბრა აგრეთვე ერთ-ერთ ანონიმურ ევროპელ დიპლომატსაც, რომელმაც განაცხადა, რომ კვიპროსმა ფაქტიურად, ევროკავშირის სანქციები მძევლად აიყვანა და ამით ბრიუსელი ფრიად დელიკატურ სიტუაციაში ჩააგდო. როგორც ცნობილია, სანქციები გულისხმობს ბელარუსის ხელისუფლების 40 წარმომადგენლის შესვლის აკრძალვას ევროკავშირის ტერიტორიაზე და მათ აქტივების გაყინვას.
წყარო: https://www.theguardian.com/world/2020/sep/17/eu-belarus-sanctions-in-doubt-as-cyprus-demands-action-against-turkey
ავტორ(ებ)ი : geotime.ge