დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ვებინარი გაიმართა 22.09.2020 11:51

მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, მაღალი დონის ვებინარი გაიმართა, თემაზე: „ადამიანზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, გლობალური პანდემიის ფონზე“.


კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, შერიგებისა და ჩართულობის პროცესის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მიმდინარეობაზე; ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა პანდემიის პირობებში. განხილულ იქნა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ამ კუთხით განხორციელებული საერთაშორისო მხარდაჭერა, ისევე როგორც ერთობლივი ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა და ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებასა და ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით სამომავლო ხედვები.


საერთაშორისო პარტნიორები მიესალმნენ სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის მშვიდობის ფონდის საქმიანობას. მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას აღნიშნულ პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.


საერთაშორისო მშვიდობის დღეს, რომლის წლევანდელი სლოგანი იყო ერთად შევქმნათ მშვიდობა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოეხმაურა საერთაშორისო მაღალი დონის ვებინარით, რომლის განხილვის და მსჯელობის ძირითადი თემა იყო ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიანი განხორციელება, ინტენსიური დიალოგის წარმართვა აფხაზ და ოს საზოგადოებებთან, საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება, იმისთვის რომ მოგვარდეს კონფლიქტი მშვიდობიანად. აღსანიშნავია, რომ ამავე ღონისძიების ფარგლებში ჩვენ დავაანონსეთ მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის ოფიციალური ფუნქციონირების დაწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მისი მხარდაჭერით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს განხორციელდება ისეთი ბიზნეს-პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენასა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას, განაცხადა თეა ახვლედიანმა.


საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ გაიმართა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და კარგად ორგანიზებული ვებინარი, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს გაიმართა და საქართველოს კონფლიქტს შეეხებოდა.


დეტალურად განვიხილეთ ამ მოვლენის ყველა ასპექტი, ამჟამად არსებული ვითარება და პროგრესი, რომლის მიღწევაც არაფორმალური კონტაქტების ფარგლებში მოხდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ამ კონფლიქტის გადაჭრისთვის აუცილებელია ხალხების დაახლოება, ისეთი ნარატივის და გზავნილის შექმნა, რომელიც მათ მშვიდობის აუცილებლობაში დაარწმუნებს, განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.


საქართველოში გაერო- მუდმივმა კოორდინატორმა, საბინ მახლმა აღნიშნა, რომ  შეხვედრაზე საინტერესო იდეები გამოითქვა.


ჩემთვის დიდი პატივი იყო, დღეს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ამ შეხვედრის, ამ ვებინარის მოდერატორი ვყოფილიყავი, რათა ყველამ ერთად ჩამოვაყალიბოთ მშვიდობა. ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა. ვფიქრობ, ამ ვებინარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, რომ ჩვენ დღეს კოვიდ-19-ის კრიზისის პირობებში, არაორდინარულ დროში, გვიწევს ცხოვრება და განვიხილეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მშვიდობისთვის. ამ მიმართულებით დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო იდეები გაჟღერდა. მადლობელი ვარ, რომ სახელმწიფო მინისტრმა მომიწვია ამ განხილვაზე, განაცხადა საქართველოში გაერო- მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ