„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მივმართავ „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენს კონტროლირებადში, გამოდით დებატებში,“ -აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისი განცხადებით, ლარი უფასურდება, ბიზნესი გაჩერებულია, ხალხი შემოსავალს კარგავს, მთავრობას კი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ აქვს.
„ქვეყანა საერთაშორისო ვალებით ავსებს ბიუჯეტს, უმეტესი ბიზნესი გაჩერებულია და გამოსავალზე ვერავინ საუბრობს, მთავრობამ არ იცის რა ქნას, მათ არ აქვთ გეგმა და იმალებიან. დღეს ჩვენ ბრძოლაში ვართ, არა პარლამენტში სკამების მოსაპოვებლად, არამედ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ბრძოლაში. მივმართავ, „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილო ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენს კონტროლირებადში, გამოდით დებატებში. საზოგადოებამ ჩვენი პროგრამა ნახა, კრიზისიდან გამოყვანის ჩვენი გეგმა ნახა, თქვენ როგორ აპირებთ ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას? ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესის დასახმარებლად სპეციალური საგარანტიო ფონდის შექმნა, მაგრამ მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ლარის კურსის დერეფნის შექმნა, რომელიც ასევე არ გაითვალისწინეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა იმ გამოწვევებს, რომლებიც ვირუსის გამო წარმოიშვა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge