დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სახალხო დამცველის აპარატმა რელიგიური უმცირესობების და რელიგიური თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარადგინა 24.09.2020 16:33

საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა და რელიგიის თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით 2020 წელს შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინეს.

 

რეკომენდაციები მიმართულია სახელმწიფო უწყებებისა და მედიისადმი და მოიცავს შემდეგ საკითხებს, რელიგიის თავისუფლების საკანონმდებლო რეგულირებას; რელიგიის შესახებ კანონის ინიციატივას; დისკრიმინაციულ კანონმდებლობას; რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას; შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულს; რესტიტუციას; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატს; ქონებრივ პრობლემებს; საზღვრის კვეთას; განათლებასა და მედიას.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რელიგიური უმცირესობების საბჭოს საქმიანობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ დაარსებიდან-2005 წლიდან, საბჭომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში რწმენის თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებაში.

 

„რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს და სახალხო დამცველის აქტიური მუშაობის შედეგია, რომ დღეს ყველა კონფესიის სასულიერო პირს, დისკრიმინაციის გარეშე შეუძლია სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში შესვლა პატიმრებისთვის რელიგიური მომსახურების გასაწევად. ბევრად უფრო ლიბერალური გახდა რელიგიურ ორგანიზაციათა რეგისტრაციის კანონმდებლობა. გარკვეული წინსვლა შეიმჩნევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაციისა და გამოძიების მიმართულებთ. თანდათან კონტროლის ქვეშ ექცევა სიძულვილის ენის გამოყენება სასკოლო სახელმძღვანელოებში და ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში. საბჭოს ძალისხმევით, კონსტიტუციაში არ ჩაიწერა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შემზღუდავი ნორმები. დღეს საბჭომ თავისი არსებობის მანძილზე უკვე მესამე დოკუმენტი წარადგინა, სადაც ნათლად არის აღწერილი თუ რა მდგომარეობაა რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში და რა ნაბიჯები არის დამატებით გადასადგმელი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაერო-ს ასოციაციას, წლების განმავლობაში, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის.

 

„აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ ლორა ბერგერმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობასა და ქვეყანაში დემოკრატიული და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საკანონმდებლო ჩარჩოზე, საკუთრების უფლებასა და რესტიტუციაზე, ასევე, რელიგიური ლიტერატურის საზღვრის კვეთის პრობლემებზე ისაუბრეს ექსპერტმა მაკო ღავთაძემ და მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის პასტორმა ბორის ჭარაიამ. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება ექსპერტმა გიორგი გოცირიძემ და სახარების რწმენის ეკლესიის პასტორმა გურამ იმერლიშვილმა განიხილეს. მედიისა და განათლების საკითხებზე ექსპერტმა ნინო ცინცაძემ და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძემ იმსჯელეს. რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შესწავლის შედეგები ექსპერტმა თამთა მიქელაძემ და საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა წარმოადგინეს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ