დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„მე ჩემს ნაძალადეველებს ვეუბნები, ვიქნები არა მხოლოდ თქვენი დეპუტატი, არამედ, ოჯახის წევრი“ 26.09.2020 17:44

მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. „ამის შემდეგ, მეორე დღეს ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, უმუშევარი და ქვეყნიდან გაქცევის მსურველი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ღონისძიებაზე, რომელიც მეტეხთან გამართა. შალვა ნათელაშვილმა საზოგადოებას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

 

 

„ვართ N10 და გვყავს 10 რჩეული მაჟორიტარი. თქვენი მონა-მორჩილი ნაძალადევშია წარდგენილი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. მე ჩემს ნაძალადეველებს ვეუბნები, რომ ვიქნები არა მხოლოდ თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ​რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ დანარჩენ ცხრა კანდიდატს, ისინი არიან: თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტაში – ნიკა ვარდოშვილი; რუსთავში მიხეილ ქუმსიშვილი; მარნეულში ბადიროვი; თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ბოლნისში – თემურ წიკლაური; მესხეთში გიორგი ჩიტაური; მცხეთა-მთიანეთში ბექა ნათელაშვილი; ზესტაფონი, თერჯოლაში – სამსონ გუგავა; გურიაში დავით მამალაძე; ბათუმში ტარიელ კალანდარიშვილი.

 

„ლეიბორისტების“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა შვილის, ბექა ნათელაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით: „მამა-შვილობა არაფერ შუაშია, ჩვენ პოლიტიკაში მამა-შვილი არ ვართ. მე და ბექა პოლიტიკაში ვართ თანამებრძოლები“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. ნათელაშვილი ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არსებობს მათი პარტიის მსგავსი. „დამისახელეთ, ვინ გაძლო 25 წელი. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ხალხის ტკივილით ვცხოვრობდით. ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ისტორიასთან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ