„დღეისთვის ბინაზე მკურნალობას 800-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი იტარებს,“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კვლავაც საყურადღებოა ბათუმი, რადგან დღეს დაფიქსირებული შემთხვევების 72%, 175 შემთხვევა აჭარაზე მოდის.
„მნიშვნელოვანი ცვლილებები ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით არ გვაქვს. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციაში შემთხვევების მართვას, როგორც მოგეხსენებათ, უკვე დავიწყეთ და ბინაზე დღეისთვის წარმატებით იტარებს მკურნალობას, 800-მდე კოვიდდადასტურებული პირი, მათი უმრავლესობა, 600-ზე მეტი პაციენტი არის აჭარაში, რომელთაც მოუახლოვდათ გამოჯანმრთელების პერიოდი და მალე ისინი დაუბრუნდებიან ჩვეულ სოციალურ აქტივობას. შედარებით ნალები პაციენტების რაოდენობაა თბილისსა და იმერეთში. ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება. 25 ონლაინკლინიკის გარდა, ვგეგმავთ პროგრამაში ჩაერთონ სხვა ოჯახის ექიმები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რათა მიმდინარე მეთვალყურეობა პაციენტმა მიიღოს მისივე ოჯახის ექიმისგან. ასევე გრძელდება კოვიდსასტუმროებში პაციენტების მკურნალობა. მსუბუქი პაციენტები რჩებიან იქ. რაც შეეხება საწოლფონდს, სამი ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით. ყველაზე მეტი დატვირთა მაინც მოდის ბათუმზე. მიმდინარე პერიოდში ბათუმში 80 საწოლი არის თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნებული, რათა საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს პაციენტების გადაყვანის შესაძლებლობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კოვიდ 19-ის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 175 ინფიცირებული აჭარაშია.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge