დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„არაერთხელ გვითქვამს, დავით გარეჯზე ძველმა კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო“ 30.09.2020 20:05

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მათ ადრე არაერთხელ უთქვამთ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია არაეფექტურად მუშაობდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო ყოფილმა კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო და პროკურატურის განცხადებაც შესაძლოა, აღნიშნულ საკითხს ეხება.

 

“რა მასალები აქვს პროკურატურას, ძალიან რთულია ჩვენთვის თქმა, რადგან ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს, რაც ზოგადად, საზოგადოებისთვის არის ცნობილი. რაც შეხება იმ საკითხს, თუ რაზე შეიძლება, იყოს დავა, ჩვენ ადრეც არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ ძველი კომისია არაეფექტურად მუშაობდა. ჩვენ ვამბობდით ამის შესახებ, რომ იმ კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო. როგორც პროკურატურის განცხადებიდან იკვეთება, ეს ძიება სწორედ ამ საკითხს ეხება“,- განაცხადა ჯაღმაიძემ. მისი თქმით, საპატრიარქო გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, რომ ვერც სასულიერო პირები და ვერც მრევლი მონასტრებში მისვლას ვერ ახერხებენ. ანდრია ჯაღმაიძისთვის დაზუსტებით უცნობია, თუ რას ეფუძნება კონკრეტულად პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. „ერთადერთი ვარაუდი შეიძლება, იყოს კომისიის მიერ დადებული დასკვნა, რომელიც საბოლოო არ არის. კომისიის დასკვნა შემდგომში რატიფიცირებული უნდა იყოს ორივე ქვეყნის მიერ. შუალედური შეიძლება ეწოდოს ამ დასკვნას. შესაძლოა ამაზეა საუბარი, 2006-2007 წწ-ში კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე“,-განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ