დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„საქართველოს ყველა მოკავშირეს შევახსენოთ, როგორი კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება“ 01.10.2020 20:22

ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ქართველი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, არასდროს დაავიწყდებათ წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

 

„ დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლო. 2012 წელს ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან რომ დაგვეცვა ხალხი და ქვეყანა. დღეს, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება, სადაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო, ადამიანებს აღარ დევნიან. სადაც ხელისუფლების შიში და ძალმომრეობა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, სადაც სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს და არა პირიქით. დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება. რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, ჩვენ ვალდებულები ვართ ობიექტურად შევაფასოთ და არამარტო ჩვენს ხალხს, მთელ მსოფლიოს, საქართველოს ყველა მოკავშირეს და მეგობარს კიდევ ერთხელ მიუკერძოებლად შევახსენოთ, როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება, რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ წინა ხელისუფლებისგან და რისი გაკეთება შევძელით.

 

„ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმადქცეული მოვლენა იყო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდანგა დაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ