დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„მოახლოებეული საპარლამენტო არჩევნები ყველზე მძიმე იქნება, რაც კი ჩატარებულა“ 01.10.2020 21:13

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
კარს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები... ასეთი სოციალურად და პოლიტიკურად პოლარიზებული გარემო, ვერც კი ვიხსენებ როდის იყო, გასული საუკუნის 90-იან წლებს და სახელმწიფო გადატრიალებას თუ არ მივიღებთ მხედველობაში. მართალია, წინა არჩევნებიც დაძაბულ და პოლარიზებულ სოციალურ გარემოში ტარდებოდა, მაგრამ ასეთი დაძაბული და გაურკვეველი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება არ ყოფილა. დღეს ერთდროულად რამდენიმე ნეგატიური მოცემულობაა შექმნილი. კოვიდ კრიზისი და ჯერ კიდევ პანდემიური პერიოდის გაურკვეველი მომავალი, უმძიმესი საერთაშორისო ვითარება, დაძაბულობა აშშ - სა და ჩინეთს შორის, თავად წინა საარჩევნო გარემო აშშ-ში, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა, ახალი კავკასიური ომის მრუმე პერსპექტივა, განსაკუთრებით მისი ინტერნაციონალიზაციის შემთხვევაში და თავად კოვიდ ეპიდემიის მზარდი დინამიკა მსოფლიოში და აქაც, საკმაოდ ბუნდოვან მომავალს ხატავს.
ბუნებრივია, ყველა ეს ფაქტორი ქმნის ნეგატიური მოლოდინების მკვებავ წყაროსაც, ლარის ბოლო გაუფასურების ტრენდი, ხვალაც შეიძლება თავისუფლად განმეორდეს რადგან ცხადია, რომ სებ-ი სავალუტო ინტერვენციებით კურს მხოლოდ დროებით თუ დაიჭერს. წინასაარჩევნო გარემო ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაპირისპირებითაც. ჩვენ ვხედავთ, ამ დაპირისპირების მოსალოდნელ ეპიცენტრებსაც, რაც არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამძაფრდება. არც ოპოზიციის საერთო სლოგანია შემთხვევითი-ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო, რასაც უკვე რამდენიმე რეგიონში ცემა-ტყეპა და ფიზიკური დაპირისპირებები მოყვა. ამას დაემატა ძალადობრივად მონათლული კიდევ ერთი ფაქტორის - საარჩევნო კომისიების ფორმირებაზე ყურადღების გადატანა და ღიად მინიშნებები, მოსალოდნელ გაყალბებაზე. ვფიქრობ, არც ეს ფაქტორია შემთხვევითი.
ოპოზიცია არჩევნებზე მიდის წმინდა რევოლუციური სცენარით-არჩევნები ყალბდება არჩევნებამდე, რაც ნიშნავს, რომ ქართული ოპოზიციის ყველაზე რადიკალური და ელექტორალური ნაწილი, ნაციონალური მოძრაობა, თავისი განშტოებებით, წაგების შემთხვევაში, არ ცნობს არჩევნების შედეგებს და დადგამს იგივე სცენარს, რაც გასული წლის 20 ნოემბერს უკვე გენერალური რეპეტიციასავით ჩაატარა. არჩევნებს გააპროტესტებს სულ მცირე 20 000-30 000 ათასი მათი მხარდამჭერი, რასაც დაემატება ოცნებაზე გაბრაზებული ხალხი და ის ადამიანები, ვინც კრიზისის გამო, სულაც უმუშევარი დარჩა.
ამასთან, ოპოზიცია ხედავს, რომ 20 ივნისთან შედარებით სიტუაცია შეცვლილია და თუ ოპოზიციის მხარეს არა, დიდად არც ხელისუფლების მხარეს. არც კოვიდ კრიზისი ყოფილა, არც პანდემიის გაურკვეველი მომავალი, არც ამ მაშტაბის სავალუტო რყევა და არც ომი კავკასიაში. არც რუსეთი ყოფილა ისე აქტიური როგორც ახლა შეიძლება იყოს, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში, თურქული ფაქტორის გააქტიურების გამო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების რეიტინგი კრიზისებისას, როდესაც გაზრდილია უმუშევრობა და შემცირებულია შემოსავლები, ისედაც მაცდურია, თუ შემცირებული არ არის, რარიგ კარგი კრიზის მენეჯმენტიც უნდა ჰქონდეს.
„ქართული ოცნება“ მძიმე არჩევანის წინაშე დგას. რამდენად გაუძლებს ახალ რევოლუციურ მუხტს, რომელიც შეიძლება იქცეს ხელისუფლების ალტერნატივად. თუ 20 ივნისს, „ოცნება“ ფაქტიურად ბეწვზე გადარჩა სახელმწიფო გადატრიალებას, და სიტუაციის განმუხტვა საერთაშორისო აქტიორების ჩართულობით და პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შეთავაზებით გაანეიტრალა, ამჯერად სიტუაციას ზემოთ აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო ამძიმებს. არავინ იცის ის ადამიანები, რომლებიც ოცნებამ თავის სიაში ჩაწერა და წარადგინა, კრიზისისას როგორ მოიქცევიან, მათი არც თუ მცირე ნაწილის ბეგრაუნდის და მწირი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე. შეიძლება სიის ამ პრინციპით შედგენა, კარგი იყოს მშვიდ და წყნარ სიტუაციაში, მაგრამ სერიოზული პრობლემების მომტანი შეიძლება გახდეს კრიზისისას, ექსტრემალურ სიტუაციაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია, იგივე 20 ივნისს დაწყებული მღელვარებისას, ოცნების დეპუტატთა ნაწილის საეჭვოდ დადუმება, ხოლო ნაწილის შემდგომში საერთოდ წასვლა ოცნების რიგებიდან.
ქართული სახელმწიფო მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დგას, და იმედია ამ გამოცდასაც ჩააბარებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ