საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო.
ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„დიდგორის” ტიპის 40-მდე სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები „დიდგორი“ კი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. “დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge