დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

გიორგი გახარია: რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის 09.10.2020 14:40

რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

 

როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ვიდრე საქართველოს პარლამენტი მთის კანონს მიიღებდა, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა იმისათვის, რომ მამაპაპისეული ფუძე არ მიეტოვებინა. 

 

„მოგესალმებით ამბროლაულელებო. პირველ რიგში, რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მთაში და რაჭაშიც, მიგრაცია ყოველთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. ყველას კარგად გვესმის, რომ სანამ საქართველოს პარლამენტი მთის კანონს მიიღებდა, რა ძალისხმევა გჭირდებოდათ თქვენ, რომ მამაპაპისეული ფუძე არ მიგეტოვებინათ, სანამ ამბროლაურში აეროპორტი გაჩნდებოდა, სანამ დასრულდება ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, სანამ ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რომელიც მისცემს რაჭველ ადამიანს შესაძლებლობას, დაუკავშირდეს დანარჩენ საქართველოს მარტივად, თანამედროვე გზებით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს იყო ძალზედ რთული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საბაზისო ინფრასტრუქტურაზე - გზები, გაზი წყალი, სკოლები, საავადმყოფოები  ამაზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ მთაში, ამბროლაურში, ონში, ადამიანს ჰქონდეს ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები, როგორიც ექნება თბილისში, რომ ახალგაზრდას არ ჰქონდეს აუცილებლობა, რომ მოსწყდეს თავის კუთხეს.  რა თქმა უნდა, ვისაც ეს უნდა, თორემ განათლების მისაღებად თბილისშიც უნდა წავიდეთ, ევროპაშიც, ამერიკაშიც და მთელი მსოფლიო უნდა მოვიაროთ, უნდა მივიღოთ საუკეთესო განათლება, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს კუთხეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ადამიანზე, თითოეულ უნიკალურ კუთხეზე ზრუნვა არის მმართველი გუნდის ძირითადი ამოცანა.

 

„ადამიანზე ზრუნვა, ჩვენს მიწაზე, ჩვენს თითოეულ უნიკალურ კუთხეზე ზრუნვა არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას ამბროლაურში კი არა, კახეთში და ქვემო და შიდა ქართლშიც აღარ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ დღეს ყველანი ვხედავთ, რამდენი ახალი ვენახი ირგვება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს შეეძლოს, ღირსეულად თავის კუთხეში, იქ, სადაც ცხოვრობს, თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება ქართველ გლეხს, ემსახურება იმას, რომ გლეხმა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს ბიზნესი და გახდეს ძლიერი ფერმერი.

 

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება ქართველ გლეხს, ემსახურება იმას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, გადადგას რთული ნაბიჯი, გახდეს ძლიერი ფერმერი, დაიწყოს ბიზნესი, უმასპინძლოს ტურისტს. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ ამბროლაურში გავხსენით ერთ-ერთი პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი", რომელმაც ელემენტარულად თქვენ მოგცათ შესაძლებლობა, რომ თბილისში აღარ ჩახვიდეთ, მიხვიდეთ იუსტიციის სახლში და იქ მომზადებულმა ამბროლაურელებმა მოგიყვნენ, რა პროგრამებში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ვაკეთებთ და ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს კუთხე დღეს სულ სხვა არის იმასთან შედარებით, რაც იყო 5 და 10 წლის უკან, ამას ტურისტებიც ხედავენ, ჩვენც ვხედავთ და თქვენც ხედავთ. ეს უნდა გაგრძელდეს, ეს თანმიმდევრული გეგმის მიხედვით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, იმისთვის, რომ ყოველი წელი იყოს კიდევ უფრო წარმატებული და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში რეგიონის, ამბროლაურის, რაჭის წარმატებისთვის და სრულიად საქართველოს წარმატებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველ გუნდს მოქალაქეების ძლიერი მხარდაჭერა აქვს და   პირველ ტურში, თანასწორ და სამართლიან ბრძოლაში გაიმარჯვებს.

 

„ბოლოს მინდა გითხრათ, რომ 31 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ პირველ ტურში და რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ თანასწორ და სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ იმდენად ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს დღეს ჩვენი მოქალაქეების, რომ ერთადერთი რასაც უნდა გავუფრთხილდეთ პირელ რიგში ეს არის ღირსეული და სამართლიანი გამარჯვება, ამიტომ არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. ყველაზე კარგად რაც უნდა გავაკეთოთ ფრთხილად, ღირსებით და მშვიდად უნდა დავიცვათ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ 31 ოქტომბერს და ბოლოს, რაჭველებო, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ