16:49 12.10.2020
ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაართან.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა.

 

„ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შეჩერების, ასევე სოხუმსა და ცხინვალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აღინიშნა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იყო კორონავირუსის პანდემიის დროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ ძალისხმევას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შეუმსუბუქოს ოკუპაციის მძიმე ტვირთი.

 

„მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროულად განახლებისა და ფორმატის ეფექტიანად გამოყენების საკითხი. მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი 51-ე რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის გამო. ლაშა დარსალიამ პარტნიორებს თხოვნით მიმართა, რომ თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებმა – ევროკავშირმა, გაერო-მ და ეუთო-მ ქმედითი ზომები მიიღონ მოლაპარაკებების რაუნდის დეკემბერში გამართვის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების წინაპირობების გარეშე აღდგენის საჭიროებაზე.

 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და დასძინა, რომ ადგილზე გართულებული ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის დღის წესრიგში“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge