20:15 16.10.2020
„ევროპულ საქართველოში“ მიხეილ სააკაშვილის კომპლექსი აქვთ, რადგან მისი ხელქვეითები იყვნენ“

როგორც ჩანს, გიგის კარატისტობა დაუწყია ამ ბოლო დროს. ისე, კარატისტის გალახული კაცი მე არ მინახავს, მარტო ფილმებში მაქვს ნანახი, - ასე აფასებს ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას ვიდეომიმართვას, სადაც ის ოპოზიციური ერთობის ჩაშლაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. როგორც გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ოპოზიციის ერთობა ერთიანი არ იყო.

 

„რაც შეეხება ოპოზიციური ერთობის ჩაშლას, არ იყო ის ერთობა. ამიხსნას ვინმემ, როგორ ჰქვია ერთობა ისეთ კონგლომერატს, როცა სხვადასხვა სიით გადიან პარტიები, ერთმანეთს აკრიტიკებენ, ერთმანეთთან დებატებში არიან შესულები. რანაირი ერთობაა ეს? რაღაც ახალ ჭეშმარიტებას აღმოვაჩენთ ხოლმე. ერთობა შესთავაზა სააკაშვილმა ოპოზიციას. ერთობა ჰქვია ერთს - ერთი სია, ერთი მაჟორიტარი. თქვეს ხომ უარი? არავინ მხარი არ დაუჭირა ერთიან სიას, სხვათა შორის, ყველა ოპოზიციური პარტიის, დიდის, საშუალოს და მცირეს ინტერესები დაკმაყოფილდებოდა იმიტომ, რომ დაახლოებით 80-90 მანდატს აიღებდნენ და ყველას ინტერესი დაკმაყოფილებული იქნებოდა“, - განაცხადა სანიკიძემ. მისი შეფასებით, „ევროპულ საქართველოში“ მიხეილ სააკაშვილის კომპლექსი აქვთ“.

 

„მე უფრო ფსიქოლოგიური პრობლემის საკითხს ვხედავ. მათ მიხეილ სააკაშვილის კომპლექსი აქვთ, რადგან მისი ხელქვეითები იყვნენ და როგორც ჩანს, ახლა აღარ უნდათ. აქ უკვე პოლიტიკა აღარ არის. დაუკვირდით, სააკაშვილს ყველზე უფრო ოპოზიციაში აკრიტიკებს ის ხალხი, ვინც მასთან მუშაობდა. მისი კომპექსით არიან დაავადებულები. მე საერთოდ არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი. არც მას აქვს ჩემი ვალი და არც მე მაქვს მისი ვალი. ვინ რას წარმოადგენდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა? რამეს წარმოადგენდნენ? ქართველი ერის გმირები იყვნენ? მოსწონს ვინმეს - არ მოსწონს, ამის დრო აღარ არის. ის არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონოსანი პოლიტიკოსი და არის ფრონტის ხაზზე “, - აღნიშნა მან.

 

გარდა ამისა, სანიკიძე „ევროპული საქართველოს“ პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზეც, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. „თავისი კანდიდატურა დააყენა გიორგი ვაშაძემ, შალვა ნათელაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ, მათთან რატომ არ აქვს პრეტენზია? რატომ აქვთ სააკაშვილის პრემიერობაზე პრეტენზია, გითხრათ სიმართლე? შიში აქვთ. აბა მათი არ ეშინიათ“, - განაცხადა სანიკიძემ. მისი ვარაუდით, სააკაშვიის გარდა, პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატებიდან ვერცერთი მათგანი ქვეყანს კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. „უღრმესი მადლობა, მაგრამ ზღაპრების არ მჯერა. ახლა მოშხუილე ვარსკვლავების დრო არ არის, ახლა არის გამოცდილი პოლიტიკოსების დრო“, - აღნიშნა მან.

 

სანიკიძის შეფასებით, ელექტორალურად საქართველო ორ ნაწილად იყოფა - თბილისი და დანარჩენი საქართველოს ამომრჩეველი. როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, საარჩევნო გარემო ორპოლუსიანია. „ყოველდღიურად აფიქსირებენ თავის არასრულფასოვნების კომპლექსს, როცა ამბობენ, არ გვინდა ორპოლუსიანობა. გააკეთონ, იშრომონ, გაისარჯონ, დაარწმუნონ, შეაყვარონ“, - განაცხადა სანიკიძემ სხვა ოპოზიციური პარტიების მისამართით.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge