12:22 17.10.2020
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურმა მოძრაობის“ მთავარი ნიშანთვისება ისევ ბოროტება და მავნებლობაა

იმ პირობებში, როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მთავარი საზრუნავი საკუთარი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშანთვისებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძეს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას აღნიშნა.

 

„გვსურს, შევაფასოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი მავნებლური ქმედება და გამოვეხმაუროთ საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მთავარი საზრუნავი საკუთარი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშანთვისებაა. ქალაქში, სადაც დღეს ყველაზე მეტადაა გავრცელებული კოვიდი, 1 500 ადამიანის – მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების ყოველგვარი საყოველთაოდ ცნობილი წესების დაცვის გარეშე შეკრება, ბათუმში რამდენიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება, არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ქმედება. ეს არის ბევრად მეტი, ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა. ეს არის საკუთარი ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მავნებლობის დაგეგმვისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საფრთხის ქვეშ პირველ რიგში დააყენეს ბათუმში შეკრებილი საკუთარი მხარდამჭერები, რაც ამ პარტიის ბოროტ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს.

 

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, ხოლო მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ვირუსი. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელისუფლების ყველა ორგანოს, მიიღონ ყველა ზომა, რათა 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საარჩევნო კამპანიას და ხელი არ შეუწყონ ვირუსის გავრცელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge