12:53 18.10.2020
ხატია დეკანოიძე: უკანონო თვალთვალი, ფარული მიყურადება - ეს „ქართულ ოცნების“ წინასაარჩევნო მიდგომაა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძე მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს.

 

ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ, რათა სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ.

 

„წუხელ, ღამის 03:00-ის 15 წუთზე, როდესაც რამდენიმე წუთით ადრე სამუშაო შტაბი დავტოვეთ,რომელიც ქეთევან დედოფლის №13-ში მდებარეობს, შუქი ჩაქრა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ შტაბში ჩვენი წასვლის შემდეგ დარჩა რამდენიმე ახალგაზრდა, ვინც დღევანდელ ღონისძიებას გეგმავდა, რომელიც 17:00 საათზეა დაგეგმილი. შუქის ჩაქრობის შემდეგ, ბავშვებმა გაიგეს სიარულის ხმა, რომელიც ჩამოდიოდა უშუალოდ ჩემი ოთახიდან. ჩვენი შტაბი არის სამსართულიანი შენობა და ჩემი ოთახი მდებარეობს ბოლო სართულზე, ამ წყვდიადში, სპეციალურად გამორთულ ელექტროენერგიის ფონზე, გაიგეს ნაბიჯების ხმა. როდესაც ახალგაზრდები ავარდნენ მესამე სართულზე, ეს ადამიანი გადაძვრა ფანჯრიდან და შემდეგ სახურავზე გაუჩინარდა. ნაფეხურებია ჩემს ოთახში, ნაფეხურებია ასევე სახურავზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სპეციალურად გამორთეს ელექტროენერგია იმისთვის, რომ ჩემს სამუშაო ოფისში შემოეღწიათ. გვებადება ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი გონივრული ეჭვი, რომ სამართალდამცავების, სუს-ის მიერ სურდათ გადმოსულიყვნენ, დაემონატაჟებინათ სპეციალური აპარატურა, ვინაიდან, სურთ გაიგონ, რაზე ვსაუბრობთ ჩემს ოთახში. ჩვენ მივმართეთ შსს-ს, მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მაგრამ სამწუხაროდ, გვითხრეს, რომ ვერავითარი კვალი, მათ შორის კინოლოგებმა ვერ აიღეს. ფაქტია, ეს იყო ჩვენს ოფისში სპეციალურად გაკეთებული უკანონო შემოჭრა, რათა ფარული თვალთვალის და მიყურადების აპარატი დაემონტაჟებიანთ“,-განაცხადა დეკანოიძემ.

 

მისი თქმით, სწორედ მსგავს მეთოდებს მიმართავს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ.

 

„ეს არის ზუსტად ის მდგომარეობა, რომელიც წინაასარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს აქვთ: სუს-ის გამოყენება, უკანონო თვალთვალი, ფარული მიყურადება, ოპონენტებისა და ოპოზიციის შტატებში შეღწევა, რაც კანონით ისჯება“, - განაცხადა დეკანოიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge