16:30 18.10.2020
ოზურგეთის საბავშვო ბაღების 83 აღსაზრდელს მძიმე ვირუსი აქვს - სამი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა უმრავლესობა, რომელთაც სავარაუდოდ ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, სახლში მკურნალობს, 3 კი კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

 

„15 ოქტომბერს სასწავლო პროცესი 32 საბავშვო ბაღში დავიწყეთ. შაბათს, 16:00 საათისთვის პირველად მივიღეთ ინფორმაცია, რომ 4 ბავშვს ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა სიცხე, ღებინება, დიარეა. აღნიშნულის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა, დავუკავშირდით ყველა ბაღის მენეჯერს, დღის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ იყო, თუმცა, მოგვიანებით, 32 ბაღიდან 11-ში აღსაზრდელებს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ. მაშინვე ვაცნობეთ მომხდარის შესახებ საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სურსათის უვნებლობის სამსახურს, ეპიდემიოლოგებს. დღეს იყნენ მოსულები, შეხვდნენ ბაღის მენეჯერებს, ჩატარდა დეზინფექცია, ასევე ლაბორატორიული ანალიზები აიღეს. ამ დრომდე 80 ბავშვის შესახებ ვიცოდი, თუმცა ახლახან მაცნობეს, რომ უკვე 83 ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. აღსაზრდელების უმრავლესობა სახლშია. ოზურგეთის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, - აღნიშნავს მაკა ჭყონია.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge