დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

უცხოური პრესა: თურქეთის ახალი გაზის საბადოები და შავი ზღვის გეოპოლიტიკა 19.10.2020 13:20

თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ „დეილი საბაჰ“-ში («Daily Sabah») დაბეჭდილია სტატია სათაურით „თურქეთის ახალი გაზის საბადოები და შავი ზღვის გეოპოლიტიკა“, რომლის ავტორი - პოლიტოლოგი ბურჰეტინ დიურანი მიმოიხილავს თურქეთის, რუსეთისა და აშშ-ის (დასავლეთის) პოლიტიკურ ინტერესებს შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

 

„პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა შაბათს, 17 ოქტომბერს, შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი გაზის საბადოს აღმოჩენის შესახებ განცხადება გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის ეკონომიკური პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა. პრინციპში, საკითხი მხოლოდ ეკონომიკას არ ეხება: რამდენადაც ხმელთაშუაზღვისპირეთში კონფრონტაცია გრძელდება, შესაძლოა შავი ზღვა ახალ გეოპოლიტიკურ „ცხელ წერტილად“ იქცეს“, - აღნიშნავს ავტორი და იმოწმებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, რომელიც შავი ზღვასთან ახლოს მიმდინარეობს. დაპირისპირებული მხარეების მიერ გამოყენებული იარაღი (ბალისტიკური რაკეტები) ისეთია, რომელიც საკმაოდ შორ მანძილზე მოქმედებს.

 

„შავი ზღვა და კავკასია დასავლეთსა და რუსეთს შორის კონკურენციის ობიექტად მას შემდეგ იქცა, როცა 2008 წელს ნატომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ივალდებულა. რუსეთმა ზომები მიიღო: ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების წინააღმდეგ მოსკოვმა უკრაინა და საქართველო, ფაქტიურად დაშალა. ყირიმის ენექსია კი, 2014 წელს, რუსული ესკალაციის აპოგეას წარმოადგენს. მართალია, აშშ და ევროკავშირი ცდილობდნენ  რუსეთის მოქმედება ეკონომიკური სანქციების დახმარებით შეეჩერებინათ, მაგრამ მათი მცდელობა ჩაიფუშა - ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მარცხი განიცადა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს კი რუსეთმა თავისი გავლენის არეალი კიდევ უფრო გააფართოვა შავი ზღვის მიღმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რასაც ამას წინათ ჩატარებული რუსეთისა და ეგვიპტის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლებაც მოწმობს.

 

ზედმეტია იმის დეტალური განმარტება, თუ რატომ უკავია შავ ზღვას ცენტრალური ადგილი მოსკოვის სტრატეგიულ შეფასებებში. ეს რეგიონი რუსეთის გავლენისათვის საკვანძოდ მიიჩნევა, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (რუმინეთი, მოლდოვა და  ბულგარეთი), ასევე უკრაინისა და კავკასიის მიმართ.

 

დასავლური ალიანსისათვისაც შავი ზღვა მნიშვნელოვანია და ალბათ, მოსკოვთან კონკურენციაში ის თავის ინტერესებს არ დათმობს, მაგრამ გააჩნია, რა შემთხვევაში:

 

თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ისევ იქნება არჩეული აშშ-ის პრეზიდენტად, მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლი თავის ყურადღებას უფრო მეტად ჩინეთისაკენ მიმართავს, ხოლო რუსეთთან ისევ დღევანდელ პოლიტიკას გააგრძელებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი შავ ზღვაზე ძალით დღევანდელ ბალანსს შეინარჩუნებს, თუმცა მთიან ყარაბაღში, ბელარუსში და ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსეთისათვის ამის გაკეთება ადვილი არ იქნება.

 

თუ ამერიკელები პრეზიდენტად დემოკრატ ჯოზეფ ბაიდენს აირჩევენ, მაშინ მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონი თავისი ყურადღების კონცენტრირებას რუსეთის შეკავებაზე მოახდენს. ჯო ბაიდენი ტრანსატლანტიკური ალიანსის შესაძლებლობებით ისარგებლებს და რუსეთის ევროპაზე ზეწოლას შეამცირებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დემოკრატი პრეზიდენტი შეეცდება, რომ რუსეთის მხრიდან გავლენის სფეროების გაფართოების ამჟამინდელი პროცესი შეაჩეროს.

 

რასაკვირველია, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს, თურქეთის მეზობელ რეგიონებში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა გაგრძელდება. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს [მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებულ] სამხედრო დაპირისპირების დროს, თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობაში მაინც ახალი თავი ჩაიწერება. იმავდროულად, ანკარასა და მოსკოვს შორის საჭირო იქნება ახალი „საგზაო რუკის“ შემუშავება, მათი კონკურენციისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით.

 

თურქეთის ძლიერების ზრდის კვალობაზე, ანკარამ ახალი ტიპის ურთიერთობები უნდა განავითაროს როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთანაც. შავი ზღვა შეიძლება ისეთ სივრცედ იქცეს, სადაც ახალი ტიპის ურთიერთობები გამოცდას ჩააბარებს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.dailysabah.com/opinion/columns/turkeys-new-gas-reserves-and-black-sea-geo-politics

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ