დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: კორუფციის არაერთი შემთხვევა ეფექტიანი რეაგირების გარეშე დარჩა 20.10.2020 13:49

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" 2016-2020 წლებში საქართველოში კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ არსებული მდგომარეობის ანალიზის მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში სტაბილურად დაბალია წვრილმანი კორუფციის დონე, თუმცა მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში გავრცელებულია კორუფციის სხვა ფორმები.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, უკანასკნელ წლებში მკაფიოდ გამოიკვეთა ძალაუფლების კონცენტრაციის, საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების პრობლემები, რაც ართულებს მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების სათანადოდ გამოძიებას და ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებას.

 

"შესაბამისად, ეფექტიანი რეაგირების გარეშე დარჩა ამ პერიოდში გამოვლენილი კორუფციის არაერთი შემთხვევა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების საქმიანობას უკავშირდებოდა. შემაშფოთებელია სახელმწიფო შესყიდვებში თანამდებობის პირებთან და მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო წარმატების ტენდენცია - როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე. აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა საქართველოს ქულა „კორუფციის აღქმის ინდექსში“, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შენელდა ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა. ამავე დროს, პრობლემად რჩება არსებული ანტიკორუფციული ნორმების აღსრულება (მათ შორის, უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და მამხილებელთა დაცვის სფეროებში). მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ნაკისრი ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მხრივ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, უარყოფითად უნდა შეფასდეს 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად დარღვევას აღარ წარმოადგენს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ისეთ კომპანიაში მონაწილეობის მიუთითებლობა, რომელიც ბოლო 6 ან მეტი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს.

 

"ეს ცვლილება უკიდურესად ართულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და დაინტერესებული მოქალაქეების მიერ თანამდებობის პირების ბიზნესკავშირების მონიტორინგს, რადგანაც ისინი მოკლებულნი არიან იმის შემოწმების შესაძლებლობას, ფუნქციონირებდა თუ არა რომელიმე კომპანია ბოლო 6 წლის განმავლობაში (ვინაიდან ეს ინფორმაცია საჯარო არ არის). პრობლემად რჩება აღმასრულებელი შტოს საქმიანობაზე სუსტი საპარლამენტო კონტროლი. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და პრაქტიკაში გარკვეული დადებითი ცვლილებებისა, პარლამენტის წევრები არ ავლენენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, ხოლო მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას. საპარლამენტო კონტროლი პირდაპირ არ შეხებია კორუფციულ საკითხებს და კორუფციის საკითხზე არ შექმნილა თემატური მოკვლევის ჯგუფი ან საგამოძიებო კომისია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ არსებული მდგომარეობის მიმოხილვა ცხადჰყოფს, რომ ამ პერიოდში დიდწილად გადაუჭრელი დარჩა წინა (2012-2016 წლების) საპარლამენტო ციკლის განმავლობაში გამოვლენილი გამოწვევები.

 

"ამავე დროს, პრაქტიკულად შეჩერდა ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა და კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ზოგიერთი პრობლემა - მათ შორის, მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, არაფორმალური გავლენა საკვანძო საჯარო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები. არსებულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელი იქნება ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემის მასშტაბური რეფორმის გარეშე. ამგვარი რეფორმის საკვანძო ელემენტი უნდა იყოს ფართო უბლებამოსილებებით აღჭურვილი, დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოამზადეს, საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წლის სექტემბერში წარედგინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ