დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

BBC: ჩინეთი მთელ პლანეტას უსწრებს 20.10.2020 16:36

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC russian») ვებ-გვერდზე, რუბრიკით „უცხოური ამბების დაიჯესტი“ გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „ჩინეთი მთელ პლანეტას უსწრებს“, რომელშიც საუბარია ჩინური ლოკდაუნისა და დრაკონული შეზღუდვების ეკონომიკურ სიკეთეზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

 

ჩინეთის უახლესი სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ჩინური ეკონომიკა - მესამე მსოფლიოში აშშ-ისა და ევროკავშირის შემდეგ - სწრაფად იზრდება იმის წყალობით, რომ დედამიწის ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ შეძლო „ლაგამი ამოედო“  კორონავირუსის პანდემიისათვის და რაღაც სამიოდე თვეში თითქმის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა - სანამ დასავლეთი მეორე ტალღას ებრძვის და ეკონომიკური აქტიურობის მორიგი ვარდნისათვის ემზადება.

 

ჩინეთის სტატისტიკური უწყების მიერ ორშაბათს, 19 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა ივლის-სექტემბერში 5%-ით გაიზარდა, რაც 2%-ით მეტია აპრილ-ივნისთან შედარებით. ამრიგად, ჩინეთმა უკვე აანაზღაურა პირველი კვარტლის ჩავარდნა, როცა პეკინმა პირველმა მიიღო საკუთარ თავზე კორონავირუსის დარტყმა და ეკონომიკა 6,8%-ით დაეცა. და ეს იმ ფონზე, როცა წინა წლებში ჩინეთის ეკონომიკა 15%-ით იზრდებოდა.

 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირება მიკროსკოპული რაოდენობით ხდება. წარმოება და მოხმარება სწრაფად უბრუნდება კრიზისამდელ დონეს. ჩინელებს თავიანთი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის და გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. ოქტომბრის საზეიმო დღეებში მათ 637 მილიონი მგზავრობა განახორციელეს, რაც სულ რაღაც 9%-ით ნაკლებია კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით.

 

ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი აღორძინება სასიკეთოა ევროპის ეკონომიკისთვისაც, უპირველესად კი გერმანიისათვის, რომელიც ჩინელებს მანქანა-დანადგარებს აწვდის, აგრეთვე იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ნედლეულის - გაზის, ნავთობის, წიაღისეულის მიმწოდებლებს წარმოადგენენ.

 

ასეთი ტემპებით ჩინეთი შეიძლება პლანეტის იმ ერთადერთ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნად შეიძლება გადაიქცეს, რომელიც ვირუსულ 2020 წელს 2%-ანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - როგორც ამას ჩინეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი მონაცემების წინა წლების 15%-იანი ზრდასთან შედარება უადგილოა, მაგრამ მაშინ როცა მსოფლიო ეკონომიკა მთლიანობაში 4,4%-ით იკლებს, ჩინეთის მიღწევა ერთობ შთამბეჭდავად ჩანს.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-54600135

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ