დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

უცხოური პრესა - მთიანი ყარაბაღის კვანძი: რა როლს ასრულებს თურქეთი 21.10.2020 12:29

რუსულ გაზეთ „ნოვიე იზვესტია“-ში («Новые известия») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მთიანი ყარაბაღის კვანძი: რა როლს ასრულებს თურქეთი“, რომელშიც ანკარის პოზიციასთან ერთად, საქართველოს პოზიციის შესახებაც არის საუბარი.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„თურქეთი არა მხოლოდ აზერბაიჯანის მოკავშირეა, არამედ კონფლიქტის მხარეც. თანაც ანკარამ ეს გადაწყვიტილება მიიღო იმის აშკარა გაცნობიერებით, რომ იგი შედის ტერიტორიაზე, რომელიც ტრადიციულად რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების ზონად ითვლება. ეს ძალზე სიმპტომატიურია... საერთოდ, თურქეთი ბოლო დროს აქტიურად გამოდის რუსეთის წინააღმდეგ: მოსკოვთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შირმით ანკარა მხარს უჭერს სირიელ ტერორისტებს, ძვრება ლიბიის კონფლიქტში და ახლა კავკასიაში ხელს უწყობს დაძაბულობის გამწვავებას.

გულახდილად რომ ვთქვათ, ძნელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გაკეთდეს იმაზე, თუ რატომ გადაიქცა თურქეთი გაბედულ სახელმწიფოდ. შესაძლოა, ეს რეჯეფ ერდოღანის პიროვნებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ შესაძლებელია ისიც, რომ ანკარა აქტიურად სპეკულირებს მოსკოვის სურვილზე - თურქეთი ნატოს ბლოკიდან გამოვიდეს და იდეალში, რუსეთს საკმაოდ ძლიერი სამხედრო მოკავშირე ჰყავდეს თურქეთის სახით.


თურქეთის მოქმედების ანალიზი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შორს წაგვიყვანს და ამიტომ მხოლოდ სიტუაციის კონსტატაციით შემოვიფარგლოთ: რაღაც მიზეზების გამო ანკარას აღარ ერიდება მოსკოვის ინტერესებს პირდაპირი წანააღმდეგობა გაუწიოს. უფრო მეტიც - სულ უფრო ძლიერ ჩანს, რომ ანკარა მოსკოვს ატყუებს: პარტნიორობას და სრულ ურთიერთგაგებას პირდება, სინამდვილეში კი კრემლთან თათბირის გარეშე ყველა კონფლიქტში უკანმოუხედავად ებმება იმ შემთხვევაშიც კი, როცა მოსკოვის ინტერესებთან შეჯახება მოუწევს. ეს გარკვეულწილად მეტყველებს მოსკოვის დიპლომატიურ სისუსტეზე, რომელსაც „მშვიდობაზე ლაპარაკის დროს ქვემეხები მზად არ აქვს“.


საინტერესოდ მოჩანს საქართველოს პოზიციაც. კერძოდ, საიდუმლო არაა, რომ ავიასატრანსპორტო მოძრაობა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ხდება. თბილისმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დროს მისი საჰაერო სივრცის გამოყენება სამხედრო ტვირთების გადასაზიდად აკრძალულია, მაგრამ თქმა ერთია და საქმე - მეორე... რასაკვირველია, ნაწილობრივ ეს საქართველოს სისუსტით შეიძლება აიხსნას, რომელსაც თავისი საჰაერო სივრცის დახურვისათვის პრაქტიკულად ძალა არ შესწევს. ამიტომაც, ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთ სიტუაციაში საკმაოდ უცნაური ფორმულირება გამოყენა: თბილისს იმედი აქვს, რომ ორივე მხარე - ტვირთების გამგზავნი და მიმღები - პასუხისმგებლობით მიუდგება ქართული საჰაერო სივრცის ტრანზიტით სარგებლობას. ანუ, გამოდის, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარი თავი უნდა დასაჯონ სამხედრო ტვირთების კონტრაბანდისათვის.


თუმცა, თბილისს რომ სურვილი ჰქონოდა, მას მაინც შეეძლო თავისი შეშფოთება მეზობლების თვითნებური მოქმედების გამო დიპლომატიურად მაინც გამოეხატა. მაგრამ არა - საქართველომ, დააფიქსირა რა თავისი პოზიცია, უბრალოდ, „ხელები დაიბანა“ და ფაქტიურად, ორივე მხარეს მოქმედების კარტ-ბლანში მისცა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება მოგებული მოსკოვიც დარჩეს - მას ხომ თავისი სამხედრო ბაზის მომარაგება უნდა და კონტრაბანდის ბრალდებას ყურადღება არ მიაქციოს. მოკლედ, თბილისის დუმილი მაინც უფრო მეტად ანკარისა და ბაქოსადმი დათმობად უნდა შეფასდეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ კრემლის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში ყურადღებას ძველებურად აღარ აქცევენ“.


წყარო: https://newizv.ru/article/general/20-10-2020/karabahskiy-uzel-kakuyu-rol-v-nem-igraet-turtsiya

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ