დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

პირველი პირები და მათი ოჯახები: შეუძლიათ თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს ერთმანეთთან მოლაპარაკება? 21.10.2020 12:40

რუსულმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ («Комсомольская правда») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პირველი პირები და მათი ოჯახები: შეუძლიათ თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს ერთმანეთთან მოლაპარაკება? // „მგიმო“-ს ლექტორი ილჰამ ალიევი ჟურნალისტ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ“, რომელშიც საუბარია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის „პიროვნული ხასიათის, ოჯახური გარემოსა და სხვა შესახებ.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„ერთმანეთს ებრძვიან არა სახელმწიფოები, არამედ ადამიანები: ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, იძლევიან ბრძანებებს და საშტაბო რუკებზე შეტევების მიმართულებას განსაზღვრავენ. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ ვისაუბროთ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ მთიანი ყარაბაღის გამო, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სათავეში არიან - მათ შვილებზე, ცოლებზე, ახლობლებზე... შესაძლოა ოჯახური ფაქტებით უფრო მეტი გავიგოთ მათზე, ვიდრე ქვემეხების გრიალითა და რაკეტების აფეთქებით...

 

ილჰამ ალიევი - მოსკოველი დიპლომატი, პოლიტბიუროს წევრის ვაჟი

 

აზერბაიჯანის ამჯამინდელი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაიბადა 1961 წელს, აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის ჰეიდარ ალიევის ოჯახში, რომელიც მოგვიანებით კომიტეტის ტავმჯდომარე გახდება, რესპუბლიკის კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი და ბოლოს, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მეტაური. ჰეიდარ ალიევის უფროსი ქალიშვილი, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და - სესილი - 1998 წლიდან ლონდონში ცხოვრობს და [ძმის მიმართ] დამოუკიდებელი პოზიცია აქვს.

 

ჰეიდარ ალიევს კარიერაში იური ანდროპოვი დაეხმარა, რადგან მათ კარგი პირადი ურთიერთობები ჰქონდათ. სწორედ იური ანდროპოვის ხელშეწყობით გახდა ჰეიდარი სსრკ კომპარტიის პოლიტბიუროს წევრი და სსრკ მინსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. თუმცა მისი ვაჟი ილჰამი მოსკოვში მამაზე ადრე ცავიდა - ჯერ კიდევ 1977 წელს, როცა იგი, 15 წლის (!) ასაკში ელიტური სასწავლო დაწესებულების - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის („მგიმო“) სტუდენტი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ ილჰამი ინსტიტუტში დარჩა, ასპირანტად, დაიცვა დისერტაცია და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლექტორი გახდა. 1983 წელს ილჰამმა ცოლად მიიყვანა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელი გოგონა მეჰრიბან ფაშაევა - ლამაზი და ჭკვიანი ქალიშვილი. ვარსკვლავურმა წყვილმა მოსკოვში თითქმის მთელი ათი წელი იცხოვრა - ილჰამი ლექციებს ატარებდა, მეჰრიბანი კი ერთ-ერთ კლინიკაში ექიმ-ოფთალმოლოგად მუშაობდა.

 

1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ილჰამი სტამბოლში წავიდა ხელი ბიზნესს მიჰყო. იგი ბაქოში მხოლოდ იმ დროს დაბრუნდა, 1993 წელს, როცა მამამისი ჰეიდარი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ხელმძღვანელი გახდა. ეს ის პერიოდია, როცა სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია გააფართოვა და დამატებით ხელში კიდევ შვიდი რაიონი ცაიგდო. 1994 წელს, რუსეთის შუამავლობით, გაფორმდა ოქმი ცეცხლის შეწყვეტის სესახებ, რომლის შედეგად სისხლიღვრა შეწყდა და ყარაბაღში ისეთი სიტუაცია დაფიქსირდა, რომელიც ბოლო დრომდე არსებობდა.

 

ილჰამ ალიევი კი იმ წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმზღვანელი ხდება და ძირითადად ეკონომიკით არის დაკავებული. 1994 წელს მისი მონაწილეობით ფორმდება „საუკუნის კონტრაქტი“ 12 უცხოურ კომპანიასთან, კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვების შესახებ, რუსული  „ლუკოილ“-ის მონაწილეობით. ილჰამი აფართოებს აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტს რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის ნავსადგურამდე, თუმცა იმავდროულად აშენებს ალტერნატიულ მილსადენს - საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქეთის ნავსადგურ ჯეიჰანამდე.

 

2003 წელს ჰეიდარ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავისი კანდიდატურა შვილის - ილჰამის სასარგებლოდ მოხსნა. მას შემდეგ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის უცვლელ ხელმძღვანელს წარმოადგენს. 2016 წელს მისმა ცოლმა - მეჰრიბანმა ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

 

საპრეზიდენტო წყვილს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ. უფროს შვილი ლეილა ალიევა ნამდვილი აღმოსავლელი მზეთუნახავია, მწველი და შაგვრემანი, მომხიბლავი ღიმილით. იგი მოსკოვში დაიბადა, მამის კვლას გაჰყვა და „მგიმო“ დაამთავრა. გათხოვილი იყო აზერბაიჯანული წარმოშობის რუს მომღერალ ემინ აგალაროვზე. ქორწილის შემდეგ ახლადშეუღლებულები საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც ლეილა ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გახდა, იგი ხელმძღვანელობს აგრეთვე ჰეიდარ ალიევის ფონდს, გამოცემს ჟურნალს სახელწოდებით „ბაქო“... უმცროსი ქალიშვილი არზუ კი რეჟისორი და პროდიუსერია (მის აქტივშია დოკუმენტური ფილმი „როგორ წააგო ჰიტლერმა ომი ბაქოს ნავთობისთვის“), გათხოვილია „მგიმოს“ კურსდამტავრებულ სამედ ყურბანოვზე - სრულიად რუსეთის აზერბაიჯანელთა კონგრესის დამაარსებლის ვაჟზე.

 

რას შეეხება ილჰამ ალიევის ვაჟს - ჰეიდარ ალიევს (სახელი დიდი პაპის საპატივსაცემოდ დაარქვეს), იგი მუდმივად ცხოვრობს ბაქოში, პროფესიით დიპლომატია, დაამთავრებული აქვს ბაქოს დიპლომატიური აკადემია. 2018-2019 წლებში ჰეიდარი აზერბაიჯანის არმიაში მსახურობდა - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ელიტურ ქვედანაყოფში. დღეს ჰეიდარ ალიევ-უმცროსი მამამისის პარტიაში მუშაობს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, რაც გასაკვირი არ არის.

 

ნიკოლ ფაშინიანი - ჟურნალისტ-რევოლუციონერი, ფიზკულტურის მასწავლებლის ვაჟი

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ვოვაევიჩ ფაშინიანი 1975 წელს ქალაქ იჯევანში დაიბადა, რომელიც სომხეთის ჩრდილოეტ ნაწილში, საქართველოსთან ახლოს მდებარეობს. მშობლებმა სახელად ნიკოლი პაპამისის საპატივსაცემოთ, დაარქვეს, რომელიც წითელარმიელი იყო და ფრონტზე 1943 წელს დაიღუპა. ნიკოლის მამა ვოვა ფაშინიანი ახლახან 80 წლის გახდა, დედა - სვეტლანა კი 1987 წელს გარდაიცვალა. სომხეთის პრემიერის მამა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ფიზკულტურის მასწავლებლად და საფეხბურთო მწრთვნელად მუშაობდა. იგი ახლაც თავის მოკრზალებულ სახლში ცხოვრობს, იჯევანში.

 

იჯევანი ცნობილია თავისი რევოლუციური ტრადიციებით - სწორედ აქ დაიწყო აჯანყება 1920 წელს იმდროინდელი დამოუკიდებელი სომხეთის ბურჟუაზიული მთავრობის წინააღმდეგ. ალბათ, ეტყობა ქალაქის რევოლუციურმა წარსულმაც გარკვეული როლი შეასრულა ნიკოლის რევოლუციონერობაშიც - 13 წლის ასაკიდან დაწყებული იგი უკვე მონაწილეობდა სასკოლო გაფიცვებში (თანამედროვე გრეტა ტუნბერგზე ბევრად ადრე), მარშებსა და დემონსტრაციებში არცახის (მთიანი ყარაბაღის) მხარდასაჭერად და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარების მომენტისათვის, 1991 წელს, ნიკოლი უკვე ჩამოყალიბებული ოპოზიციონერი იყო. არმიაში მას არ უმსახურია - ისარგებლა იმ უფლებით, რომ ორმა უფროსმა ძმამ უკვე იმსახურა და მას შეეძლო ჯარში არ წასულიყო. სტუდენტობის დროს გაიცნო ნიკოლმა თავისი მომავალი ცოლი ანა - იგი ჯურნალისტიკის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო, უკვე გაზეთის რედაქტორი, ანამ კი ის-ის იყო მისაღები გამოცდები ჩააბარა.

 

მოხდა ისე, რომ წარჩინებული სტუდენტი ნიკოლ ფაშინიანი უნივერსიტეტიდან გარიცხეს (რექტორატის კრიტიკის გამო), თუმცა ამ დროისთვის „უდიპლომო სასიძო“ უკვე ჩამოყალიბებული ჟურნალისტი იყო. ახალგაზრდა ნიკოლმა და ანამ შეუღლების სემდეგ მუშაობა სომხეთის მტავარ ოპოზიციურ გაზეთ „აიკაკან ჟამანაკ“-ში დაიწყეს: ნიკოლი - მთავარ რედაქტორად, ანა - ჟურნალისტად. 2008 წლიდან კი მთავარი რედაქტორის პოსტი უკვე ანამ დაიკავა.

 

1999 წელს ნიკოლ ფაშინიანი დამნაშავედ იქნა აღიარებული სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფაში და მას ერთი წლით საპყრობილე მიუსაჯეს. ჟურნალისტის ცხოვრება არც მოგვიანებით არ „დამშვიდებულა“: 2004 წელს მისი ავტომობილი ააფეთქეს, „ბოლო გაფრთხილების“ ნიშნად, გაზეთში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების პასუხად.

 

2010 წლის იანვარში ნიკოლ ფაშინიანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - მასობრივი უწესრიგობების ორგანიზაციისათვის, თუმცა 2011 წელს ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა. ამ დროისთვის იგი საბოლოოდ ხდება პოლიტიკოსი - აირჩიეს სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატად. ნიკოლ ფაშინიანი იყო აგრეთვე ერევნის მერობის კანდიდატი, მაგრამ ბრძოლა წააგო და მერი აიკ მარუტინიანი გახდა - კომიკოსი მსახიობი (მას ხშირად სომეხ ზელენსკის უწოდებენ).

 

ნიკოლ ფაშინიანს ოთხი შვილი ჰყავს: სამი გოგონა - მარიამი, შუშანა, არპინე და ვაჟი - აშოტი, რომლიც მოხალისედ ჩაეწერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლებისთანავე: „მეგობრებო, ვოლონტერი ვარ სამეთაურო პუნქტში. მოვიდა დრო სამშობლოს ვემსახუროთ“, - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა აშოტმა თავის ფეისბუქ-გვერდზე. 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირველი შეხვედრა-გაცნობა დუშანბეში მოხდა - 2018 წელს, დსთ-ის სამიტის დროს, სადაც ხელი მოწერა დეესკალაციის შეთანხმებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მაგრამ მას შემდეგ ორ ლიდერს შორის მუდმივი მტრობა ჩამოვარდა.

 

ძნელია სამხრეთ კავკასიის ორი მეზობელი სახელმწიფოს ხელმძღვანელებში რაიმე მსგავსება მოიძებნოს, გარდა იმისა, რომ ორივემ იცის რუსული, ინგლისური და ფრანგული ენები და ორივემ ცოლებად პირველკურსელი ქალიშვილები მიიყვანეს.

 

წყარო: https://www.kp.ru/daily/217198.3/4306726/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ