დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

გიორგი გახარია: ბოლო წლების განმავლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ქველმოქმედება 21.10.2020 14:45

ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი აქტი, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განაცხადა.

 

პრემიერმა მადლობა გადავუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს" აღნიშნული პროექტისთვის და აღნიშნა, რომ გამართულ, სრულფასოვან, ძლიერ განათლების სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი.

 

„მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მაგრამ ხაზგასმით მოგესალმებით სტუდენტებო! მესმის, რომ ეს თქვენთვის, თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. მესმის, რომ არაორდინალური დღეც არის, იმიტომ, რომ თქვენ გიწევთ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება. ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ. ესეც გაივლის, მაგრამ დარჩება ეს უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარჩება თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გადაიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე. ეს იქნება თქვენი გასაკეთებელი ბატონებო, რამეთუ, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს გამართულ, სრულფასოვან, ძლიერ განათლების სისტემას, იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი და ამ საკითხში ფუნდამენტურ მეცნიერებებს და ფუნდამენტურ განათლებას აქვს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა

 

ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მინდა შევუერთდე ქალბატონ პრეზიდენტს და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს" და ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა, რომ ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი აქტი, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სტუდენტებს გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, სრულიად ახალ მსოფლიოში მოუწევთ ცხოვრება და ფუნდამენტური განათლება არის ერთადერთი საფუძველი სწორი გამოსავლის საპოვნელად.

 

„გარდა ამისა, მინდა ჩვენმა სტუდენტებმა იცოდნენ, რომ მათ სულ სხვა, ახალ მსოფლიოში მოუწევთ ცხოვრება, რადგან გლობალური გამოწვევები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს ცხოვრებაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური განათლება არის ერთადერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი ვიპოვოთ. გლობალური კონკურენციაც იქნება სრულიად სხვანაირი. ეს არ იქნება ჩვენი თაობის სტუდენტობა და მეცნიერება, ეს იქნება სულ სხვა ხარისხის გამოწვევები და თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ. ამ უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი იქნება და უნდა იყოს ამ ქვეყნის სიამაყე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისს, როგორც ქალაქს ახალ ფუნქციას შესძენს.

 

„მინდა, მივულოცო ქუთაისელებს, რამეთუ ქუთაისი, როგორც ქალაქი იძენს ახალ ფუნქციას, ახალ მისიას, ეს ყოველთვის იყო ქართული მეცნიერების, კულტურის, განვითარების ცენტრი, მაგრამ დღეს, საგანმანათლებლო ცენტრიც უნდა გახდეს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მნიშვნელობა იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ხაზგასმით აქვს აქცენტი გაკეთებული ფუნდამენტურ მეცნიერებაზე, რომელშიც ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული ჩავარდნა გვქონდა. გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ მომავალს და დიდ გამარჯვებებს საქართველოს გაძლიერებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ