დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა 21.10.2020 15:14

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, ამ დროისთვის სასწავლებელში ჩარიცხულია 246 სტუდენტი. მისი თქმით, სტუდენტებს ასწავლიან ქართველი და უცხოელი პროფესორები. თევზაძის თქმით, უნივერსიტეტმა სტუდენტები სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე მიიღო.

 

როგორც რექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდნეტებთან ერთად უნივერსიტეტში სწავლობდნენ უცხოელი სტუდენტები, თუმცა პირველ წელს, კოვიდპანდემიის გამო უცხოელი სტუდენტების მიღება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს. მისივე თქმით, ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში უნივერსიტეტი საერთაშორისო რეკრუტირების კონტრაქტის დადებას დაიწყებს.

 

ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, უნივერსიტეტის სტუდენტთა თითქმის 80%-მა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, დარჩენილი გადასახადი კი ყველა სტუდენტისთვის უნივერსიტეტის საგრანტო ფონდიდან დაიფარება. მისი თქმით, სწავლის გადასახადი ყველა ახალგაზრდისთვის დაფარულია.

 

"უნივერსიტეტში სააუდიტორო სწავლება იწყება 22 ოქტომბრიდან. ეს არის ე.წ. შერეული, ჰიბრიდული მოდელი, როდესაც სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს პანდემიის პირობებში ყველა რეკომენდაციისა და შეზღუდვის უმკაცრესი დაცვით. შესაბამისად, 3- დღის განმავლობაში სწავლა წარიმართება ონლაინ, ხოლო 2 დღის განმავლობაში ყველა პროგრამის სტუდენტს საშუალება ექნება, რომ შევიდეს სააუდიტორო სივრცეში პრაქტიკული მეცადინეობებისთვის. უნივერსიტეტი ახორციელებს სამ საგანმანათლებლო პროგრამას, ეს არის: მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ გვყავს წარჩინებული ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ ინგლისურენოვან საერთაშორისო სტანდარების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით . ახალგაზრდებს ასწავლის როგორც ქართველი აკადემიური პერსონალი, ისე გერმანელი პროფესორები. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდები იქნებიან წარმატებულები", - განაცხადა თევზაძემ.

 

მისი თქმით, უნივერსიტეტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 1000 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.

 

"თუმცა, გერმანელი კოლეგების თხოვნით მისაღები ბარიერი, როგორც მათემატიკაში, ისე ინგლისურში საკმაოდ მაღალი იყო და 246-მა სტუდენტმა წარმატებით გადალახა ეს ბარიერი. ეს არის დაახლოებით 25%-იანი წარმატების მაჩვენებელი, რომელიც დასავლეთის აკადემიურ სივრცეში კარგ მაჩვენებლად ითვლება. უნივერსიტეტის განვითარება ეტაპობრივ მოხდება. ანუ არსებობს გეგმა, თუ რა ინფრასტრუქტურა და პროგრამები დაემატება მომავალში უნივერსიტეტს“, - განაცხადა თევზაძემ.

 

მისი თქმით, უნივერსიტეტის კამპუსი გაყოფილია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი მზად არის და სასწავლო პროცესი დაწყებულია. თევზაძის განმარტებით, დამატებითი შენობები მომავალი წლიდან გაიხსნება, რომელიც განკუთვნილი იქნება ახალი საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველსაყოფად.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნას ესწრებიან:პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, KIU-ს საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ