24.10.2020 16:53
საგარეო მოწყვლადობის შემცირება და დივერსიფიკაცია უნდა განვიხილოთ, ეკონომიკის მეტი თვითკმარობის და შესაბამისად, საგარეო შოკების ეკონომიკაზე ზეგავლენის შემცირების წინაპირობად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლევანდელ მაღალი დონის დისკუსიებს, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გლობალურ და რეგიონალურ დონეზე განიხილება ეკონომიკის არსებული მდგომარეობა და ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლის საკითხები პოსტპანდემიურ პერიოდში; ნიშანდობლივია, რომ წლევანდელ უმაღლესი დონის დისკუსიაში, რომელიც გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებს და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის, წამყვან სპიკერად გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და ისაუბრა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ პრობლემების დაძლევის გზებზე;
საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკების სწრაფი აღდგენის პერსპექტივაში ქვეყნები ორიენტირებულები უნდა იყვნენ არსებული მოწყვლადობების დაძლევაზე, მათ შორის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის ზრდასა და დოლარიზაციის შემდგომ შემცირებაზე -აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა; სწორედ საგარეო მოწყვლადობის შემცირება და დივერსიფიკაციის ზრდა უნდა განვიხილოთ, ეკონომიკის მეტი თვითკმარობის და შესაბამისად, საგარეო შოკების ეკონომიკაზე ზეგავლენის შემცირების მიღწევის წინაპირობად. ისევე როგორც სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი რეფორმა, პოსტპანდემიური პერიოდის ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობ ფაქტორად უნდა განვიხილოთ.
დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც, რეცესიული ეკონომიკიდან სწრაფ გამოსვლასთან ერთად, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა მივიჩნიოთ. საქართველოს ამ ფორუმზე წამყვან მომხსენებლად მიწვევა, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სსფ-ის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე წლის 5 %-იანი ვარდნის შემდეგ, 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, საშუალოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5% იქნება და შესაბამისად, შედარებით სწრაფად გამოვა რეცესიიდანაც. შედარებისათვის მიმდინარე წლის რეცესიის შემდეგ, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 % დან 3 %-ის ფარგლებში მერყეობს. საქართველოს ამ დონის წარმომადგენლობით ფორუმში წამყვან მომხსენებლად მიწვევა, ეს არის მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და სამთავრობო ანტიკრიზისული მენეჯმენტის ყველაზე ობიექტური შეფასება!