დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ირაკლი კობახიძე არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 26.10.2020 12:30

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე და ძალზე მნიშვნელოვანია, ამ დღეების განმავლობაში შენარჩუნდეს კონსტრუქციული და მშვიდი საარჩევნო გარემო. მისივე თქმით, იზრდება პროვოკაციების რისკი. ის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე.


„ბუნებრივია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის რუსული რესურსის გამოყენებით, რისი მომსწრეც გავხდით ჩვენ გუშინ ნაციონალური მოძრობის კუთვნილ ერთ-ერთ ტელეარხზე.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა.


ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითიდღე იზრდება,“- აცხადებს ირაკლი კობახიძე.


მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა „დიპფეიკი“.


„გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, „დიპფეიკი". შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს.


კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო უბნების სრული კოვიდ-უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო სივრცე, ვიდრე, მაგალითად, მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა. შესაბამისად, ყველა პირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდეს.


ღრმად გვწამს, „ქართული ოცნების" გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს და განაგრძოს წინსვლა და განვითარება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ყველა მიმართულებით,“- განაცხადა კობახიძემ.


მისივე თქმით,  „ქართული ოცნების" 73-ივე ადგილობრივი საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს საკუთარი არჩევანის თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ