დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ომი კავკასიაში: რა ხდება ამერიკის გარეშე და როგორ დავიბრუნოთ ლიდერობა 22.10.2020 15:27

ამერიკულმა გაზეთმა «The Hill»-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ომი კავკასიაში: რა ხდება ამერიკის გარეშე და როგორ დავიბრუნოთ ლიდერობა“, რომელშიც, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ფონზე, აშშ-ისა და ევროპის კავკასიური პოლიტიკის შუქ-ჩრდილებია განხილული (ავტორი - სტივენ ბლანკი).

 

გთავაზობთ შემოკლებით:

„დღევანდელი ომი ორ კავკასიურ სახელმწიფოს - სომხეთსა და აზერბიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონის გამო, მნიშვნელოვან რეზონანს იწვევს კავკასიონის მთებიდან დაშორებითაც. ეს მოვლენა თვალსაჩინოდ მოწმობს, თუ რა მოსდევს იმას, როცა აშშ უარს ამბობს თავისი დიპლომატიური ავტორიტეტისა და შესაძლებლობების გამოყენებაზე. კავკასიაში დღეს მიმდინარე დრამატული მოვლენები პირდაპირ უკავშირდება ამერიკის მოუმზადებლობას და სურვილის არქონას ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობაზე, რამაც, შეიძლება ითქვას, ამ ომის დაწყება მოაახლოვა.

 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყველა მხარეს მოუწოდებს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ამ დროს ზალზე უადგილოდ აცხადებს, რომ იმედი გვაქვს, სომხები თავს დაიცავენ იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენო“. შემდეგ კი მან თურქეთი გააკრიტიკა აზერბაიჯანისთვის გაწეული დახმარების გამო. სრულიად აშკარაა, რომ ასეთმა ნაბიჯმა ორივე - თურქეთიც და აზერბაიჯანიც - ვაშინგტონის წინააღმდეგ განაწყო. რამდენადაც დასავლეთმა კავკასიისადმი ყურადღება მოადუნა, რუსეთმა სიხარულით დაიწყო ერევნისა და ბაქოსათვის იარაღის მიყიდვა, იმ იმედით, რომ თითქოსდა ამით სტატუს-ქვოს შეინარჩუნებდა, მაგრამ არ გამოუვიდა. სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ და მისმა ლიდერმა რუსეთთან მოლაპარაკება შეასუსტა და მკვეთრი და იმავდროულად არაგონივრული ნაბიჯები გადადგა, განაცხადა, რომ  „მთიანი ყარაბაღი სომხეთისაა და წერტილი“. როგორც ჩანს, ასეთმა მოქმედებამ და კიდევ სხვა მიზეზებმა აზერბაიჯანს ომის დაწყებაზე უბიძგეს.

 

ეს კონფლიქტი არ არის ცივილიზაციათა ომი“, ანუ ომი მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის, როგორც ამას ზოგიერთი ანალიტიკოსი წერს. ეს ომი არც სომეხთა ახალი გენოციდის პრელიუდიას არ წარმოადგენს, როგორც ამას სომხეთი და მისი მომხრეები აცხადებენ. უფრო მეტად, ესაა ძველმოდური, ტრადიციული ერთაშორისი ომი იმ ტერიტორიისათვის, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო აზერბაიჯანის კუთვნილებად აღიარებს. ბუნებრივია, როცა აშშ-მა და ევროპამ ყარაბაღის პრობლემის მოგვარებისაგან თავის არიდება დაიწყეს, აზერბიჯანმა მოკავშირის ძებნა დაიწყო. მომხრეების ძიებამ ბაქო იქამდე მიიყვანა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა თურქული სამხედრო წარმოებისთვის აზერბაიჯანის ბაზარი მიიღო. ამით მან საკუთარი მდგომარეობაც განიმტკიცა იმ დროს, როცა ეროვნული ეკონომიკის კრიზისი ღრმავდება. შესაბამისად, აზერბაიჯანის ბაზრის გაფართოება თურქეთს დღეს ძალიან სჭირდება.

 

რეჯეფ ერდოღანის ნეოოსმანიზმი და თურქეთის გამოცხადება დიდ რეგიონული ამბიციების სახელმწიფოდ ჯერ ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ახლა კი კავკასიაში იმიტომ ხდება, რომ აშშ-მა ამ რეგიონებში თავისი გავლენა შეასუსტა. ასეთი პოლიტიკა არაგონივრულია და არასასურველ უკანდახევას ნიშნავს. (...) ვაშინგტონს რომ კავკასიის მნიშვნელობა გაეცნობიერებინა, მას შეეძლო ამ რეგიონში თავისი ძალა და გავლენა გამოეყენებინა - ან თვითონ ემოქმედა, ან ევროპასთან და რუსეთთან ერთად. ჩვენ კი გვერდზე გავდექით და ჩვენი ნაბიჯით რეგიონული ბალანსი დავარღვიეთ, აზერბაიჯანს კი თურქეთთან მიმართვისაკენ ვუბიძგეთ.

 

დღეს თურქეთი მსოფლიო პროცესებში თავის ადგილს ეძებს და პოულობს. ანკარა კავკასიაში გავლენის სფეროს ქმნის, რაც დაძაბულობას იწვევს რუსეთთან მიმართებით, ან პირიქით - თურქეთი ისეთ გარიგებას დადებს, რომელიც ანკარას ნატოსაგან დააშორებს. განსაკუთრებით ეს ეხება შავი ზღვის რეგიონს.

 

ომის დაწყება მთიან ყარაბაღში აუცილებლობით არ იყო გამოწვეული. ბევრი ექსპერტი წერდა, რომ კავკასიაში პატური სიტუაციაა შექმნილი, მიხედეთ რეგიონს, თორემ იქ რაღაც ცუდი მოხდება, მხარეებს შორის ომი შეიძლება დაიწყოსო და მართლებიც გამოდგნენ. მოსკოვი დღეს მთიან ყარაბაღში „დამკვირვებლებისა“ თუ „მშვიდობისმყოფლების“ გაგზავნაზე ფიქრობს, ანუ რუსი ჯარისკაცების მონაწილეობაზე, რომელიც თურქეთს არ სურს. სომხეთის მიმართ ანკარის პოლიტიკის გათვალისწინებით, თურქეთი დიდი ხნის გამოცხადებულ ბლოკადას არ მოხსნის.

 

მოკლედ, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, კავკასიაში საეჭვოა ნამდვილი მშვიდობა დამყარდეს. ალბათ, მხარეები ძველებურად მორიგ ზავზე შეთანხმდებიან, [ბაქოს მიერ მოპოვებული  გარკვეული წარმატების გათვალისწინებით].

 

შესაბამისად, რადგან პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდება, კავკასიაში დაძაბულობა კვლავ გაგრძელდება, ასევე შავი ზღვის რეგიონშიც. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დახმარების შესაძლებლობა და ხელი შევუწყოთ მშვიდობის მიღწევას. სამწუხაროდ, დასავლეთი ვერ აცნობიერებს კავკასიის მნიშვნელობას და მისი უკანდახევა რეგიონისაგან, რომელიც ფუნდამენტალურად არასწორი წარმოდგენებით არის გამოწვეული, არასწორია. ამით სარგებლობენ თურქეთი და რუსეთი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და რაც შეიძლება სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო კავკასიური კრიზისი აშშ-სა და ევროპას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, რომლის გადახდა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწევს“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://thehill.com/opinion/international/521906-war-in-the-caucasus-what-happens-minus-us-leadership-but-a-chance-to

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ