დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ყრილობამ რეზოლუცია მიიღო 27.10.2020 14:07

მთაწმინდის პარკის „ანდერვილ კლუბის“ (Underwheel Club) ღია სივრცეში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ყრილობა გაიმართა. ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ყრილობაში 50-მდე დარგობრივი ასოციაციია მონაწილეობდა. ყრილობას 150-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, ხოლო ონლაინ პლატფორმით ყრილობას დაესწრო 130 მონაწილე. ყრილობას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ კახაძე და ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე. ყრილობას ონლაინ ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

 

„ყრილობა მიეძღვნა სამედიცინო საზოგადოებისთვის პრობლემურ საკითხებს. განხილულ იქნა ექიმთა უფლებები და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების გზები. წარმოდგენილ იქნა კონკრეტული სამოქმედო გზები, რომლებიც არსებული კანონმდებლობის პირობებშიც უზრუნველყოფენ დარგობრივი ასოციაციებისთვის იმ ფუნქციების მინიჭებას, რაც გახდება საფუძველი, რომ მათ ისეთივე როლის შესრულება შესძლონ სამედიცინო სფეროში, რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ყრილობაზე მიიღეს დასკვნითი რეზოლუცია, რომელიც ექვს პუნქტს მოიცავს და მასში ასახულია ის მოკლე და გრძელვადიანი ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას სახელმწიფომ, რათა მოხდეს სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და ექიმთა და პაციენტთთა უფლებების დაცვა.

 

 

„ყრილობამ დაამტკიცა შემდეგი რეზოლუცია: ვაცნობიერებთ რა სამედიცინო დარგის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას ქვეყანაში ჯანმრთელობის დახმარების ხარისხის ამაღლების და სამედიცინო დარგის განვითარების საქმეში, ასევე მხედველობაში ვიღებთ იმ გარემოებებს, რაც უკანასკნელი წლების მანძილზე ქვეყანაში შეიქმნა ექიმებისადმი დამოკიდებულების კუთხით, აუცილებლად მიგვაჩნია გადაუდებლად გატარდეს შემდეგი ღონისძიებები: მოკლევადიან პერსპექტივაში:

 

1. აუცილებლად მიგვაჩნია ეფექტიანი ნაბიჯების გადადგამა, რითაც უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შეცდომა სამედიცინო დანაშაულისგან, რის საშუალებას დღევანდელი კანონმდებლობაც იძლევა, კერძოდ: დაუყოვნებლად, ყველა კლინიკის და ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე, უნდა შეიქმნას კლინიკური ეთიკის კომიტეტები შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით და განისაზღვროს ამ კომიტეტების რეგლამენტი; (საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 62). ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის შეფასება და შემდგომი საქმის აღძვრა ან ექიმის პასუხისმგებლობა, შეიძლება დადგეს მხოლოდ ამ კომიტეტებზე საქმის განხილვის შემდეგ.

 

2. უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მიმართებაში ზედმიწევნით იქნას დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლოს გადაწყვეტილების და/ან საკითხის ყოველმხრივი შესწავლის გარეშე, თუნდაც ეჭვის დონეზე ან დაზარალებულის სიტყვების გამოყენების საფუძველზე, არ მოხდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დამნაშავეებად წარმოჩენა.

 

3. ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებისთვის დაუყოვნებლად უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: ა. სასწრაფოდ შედგეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მიერ მიღებული სამედიცინო დახმარების გაიდლაინები/პროტოკოლების გამოყენება არის დაშვებული (მსგავსი მიდგომა გამოყენებულია ფარმაცევტულ სფეროში). ბ. პოლიფარმაციის შემცირების ფარგლებში საქართველოში არ უნდა მოხდეს ისეთი ფარმაცევტული პროდუქტის მედიკამენტებად რეგისტრაცია, რაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ მედიკამენტად აღიარებული არ არის გრძელვადიან პერსპექტივაში:

 

4. სავალდებულოდ უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გახდება საფუძველი, რომ გაძლიერდეს დარგობრივი ასოციაციების როლი და იმგვარი ფუნქციები მიენიჭოს მათ, რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამ მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გამოთქვამს მზადყოფნას, შესთავაზოს მთავრობას და პარლამენტს, რათა გააქტიურდეს ურთიერთთანამშრომლობა და შეიქმნას რამდენიმე მიმართულებით თემატური ჯგუფები, როგორიცაა: მედიცინის მუშაკებისა და პაციენტების უსაფრთხოების და უფლებების დაცვა; სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი და უწყვეტი პროფესიული განათლება.

 

5. სამედიცინო პერსონალს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს! მივმართავთ მთავრობას წინადადებით, რომ ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამები შედგეს იმ პრინციპით, რომ სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი გათვალისწინებული იყოს ისევე, როგორც ეს ხდება ოჯახის ექიმის გუნდის ხელფასის შემთხვევაში, რაც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაშია ასახული.

 

6. უნდა მოხდეს ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების შექმა, რათა სამედიცინო რესურსები იყოს მუდმივად და ხარისხიანად განახლებადი“,- აღნიშნულია რეზოლუციაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ