ზუგდიდის მოვლენებმა დაგვანახა სამართალდამცავი სტრუქტურების ანატომია - რამდენად მყიფეა სამართალდამცავი სისტემა და რამდენად დაუცველია მოსახლეობა - ეს კომენტარი გააკეთა პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.
„აბსოლუტურად დეზორგანიზებული და დემოტივირებული უწყების ყურება ყველაზე მძიმე პოლიციელისათვის. ჩვენ გვჭირდება დეპოლიტიზირებული პოლიცია, წარმატებული და გამართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო. რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უსერიოზულესი სისტემური პრობლემები აქვს. ქვეყანაში, სადაც არაა სასამართლო, იქ არც პოლიციაა ძლიერი, არც პროკურატურაა დამოუკიდებელი და არც საზოგადოებაა დაცული“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge